უნგრეთის პრემიერმინისტრი კიევის და მოსკოვის შემდეგ ,,სამშვიდობო მისიით,, პეკინში ჩავიდა-რუსეთმა ორბანის ნაბიჯი დადებითად შეაფასა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი პეკინშია, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს, ის ძინპინს შეხვდა. მანამდე ის იმყოფებოდა კიევში და შემდეგ მოსკოვში.
ჩინეთმა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა მაისში, ბრაზილიასთან ერთად, ხოლო ორბანმა დაიწყო “სამშვიდობო მისია” მას შემდეგ, რაც მისი ქვეყანა ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე გახდა თვის დასაწყისში.
“მშვიდობის მისია 3.0.” – დაწერნა მან თავის ოფიციალურ X ანგარიშზე პეკინში ვიზიტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ჩინეთი მთავარი ძალაა რუსეთ-უკრაინის ომში მშოვიდობისთვის პირობების შესაქმნელად.
„ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო პირობების შექმნაში. ეს არის მიზეზი, რატომაც ვეწვიე პრეზიდენტ სი ძინ პინს პეკინში ბუდაპეშტში მისი ოფიციალური ვიზიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
ეს ვიზიტი ხდება ნატოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც მთავარი განსახილველი თემა უკრაინა იქნება, ასევე მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ევროკავშირი ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების იმპორტზე 37,6%-მდე ტარიფის დაწესებას გეგმავს.
უნგრეთი გახდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი ჩინეთისთვის, განსხვავებით სხვა ევროკავშირის ქვეყნებისგან, რომლებიც ცდილობენ ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაზე.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია დეტალების დაკონკრეტების გარეშე იუწყება, რომ პეკინის სახელმწიფო რეზიდენციაში უკვე გაიმართა ჩინეთის მეთაურ სი ძინპინის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრა.
2 ივლისს ორბანი კიევში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელსაც შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება. კიევმა ეს წინადადება უარყო.
5 ივლისს, ორბანმა მოსკოვის კრემლში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა.
1 ივლისიდან უნგრეთმა ექვსი თვით ჩაიბარა ევროკავშირის თავმჯდომარეობა. ევროკავშირმა ორბანის მოსკოვში ჩასვლის და პუტინთან შეხვედრის გამო, განაცხადა, რომ უნგრეთს არ აქვს უფლებამოსილება მოლაპარაკება აწარმოოს ევროკავშირის სახელით.
ბრიუსელის ოფიციალური პოზიციაა, რომ უკრაინის შესახებ მისი მონაწილეობის გარეშე არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო ევროკავშირს რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტი შეწყვეტილი აქვს.
რუსეთი აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ძალისხმევას, განემარტა რუსეთისა და უკრაინის პოზიციები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.
„ბატონი ორბანი იღებს სერიოზულ ინიციატივას, რომ შეადაროს სხვადასხვა მხარის პოზიციები ორიგინალ წყაროებზე დაყრდნობით. ვაფასებთ ბატონი ორბანის ამ ძალისხმევას. მხარეებს შორის არის მთელი რიგი უთანხმოება, მაგრამ ბატონი ორბანი მაინც ცდილობს, გაიგოს ამ უთანხმოების არსი, რაც ძალიან დასაფასებელია“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვიზიტით ჯერ კიევში იყო ჩასული, შემდეგ კი – მოსკოვში. დღეს ის ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინ პინს შეხვდა. მან ამ ვიზიტს „სამშვიდობო მისიის“ მესამე ეტაპი უწოდა. ინიციატივას არც ევროკომისიის და არც უკრაინის მხარდაჭერა აქვს. ასევე, უნგრეთის ლიდერი ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ჟურნალისტების კითხვაზე, გაუგზავნა თუ არა პუტინმა ორბანის მეშვეობით გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ნატო-ს სხვა ლიდერებს, პესკოვმა უპასუხა, რომ არა.