მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უნგრეთში საქართველოს ელჩად „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დანიშნეს

იტალიის რესპუბლიკასა და უნგრეთში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ

უნგრეთში საქართველოს ელჩად დანიშნეს ნიკოლოზ ლალიაშვილი, „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან ყაზახეთში იყო ელჩად მივლენილი.

ლალიაშვილი იქნება ელჩი ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში, რომლის რიტორიკა ხშირად აცდენილია ოფიციალური ბრიუსელისას და რომელიც, ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრობის პირობებში, „ქართული ოცნების“ იშვიათი მხარდამჭერია წევრ სახელმწიფოებს შორის.
საგარეო უწყების თანახმად, ნიკოლოზ ლალიაშვილს „საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იკავებდა სხვადასხვა პოზიციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში“.

ამასთან, სხვადასხვა დროს ის იყო „სტუდია მაესტროს” პოლიტიკური რედაქტორი, „ტელეიმედის“ გენერალურ დირექტორობამდე კი გენერალური დირექტორის მოადგილე.
მას მიჰყავდა გადაცემა „SWOT ინტერვიუ“, რომელშიც 2019 წლის 27 ნოემბერს ინტერვიუ ჩაწერა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან.
„ნიკოლოზ ლალიაშვილი გახლდათ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ნიკოლოზ ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იკავებდა სხვადასხვა პოზიციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლალიაშვილი ახალ პოსტზე საქმიანობას 1 ივლისიდან შეუდგება.
ამ პოსტზე ნიკოლოზ ლალიაშვილი შეცვლის თამარ ლილუაშვილს.

თამარ ლილუაშვილი, თავის მხრივ, საგარეო უწყების მიერ 20 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, დაინიშნა ელჩად იტალიაში, ასევე – საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ქალაქ რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).
„თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. თამარ ლილუაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის იგი გახლდათ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და „არ ემ ჯი“ ჯგუფის დირექტორის მოადგილე“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ქ. რომში განლაგებულ გაერო-ს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა.

იტალიაში ელჩის თანამდებობა ვაკანტური იყო. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ვეკუამ თანამდებობა 2024 წლის 30 ნოემბერს დატოვა – 2 დღეში მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button