უფასო სასადილოს 8 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ უფასო სასადილოში, 8 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაინფიცირებულები ძირითადად, სამზარეულოს პერსონალია, ამიტომ სასადილო დაკეტილია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თემურ ზავრაშვილის განმარტებით, შექმნილი ვითარების გამო, ბენეფიციარები, სასურსათო კალათას საცხოვრებელი ადგილების მიხედვით მიიღებენ.
“პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ვცადეთ, ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან მოგვეძიებია პერსონალი, რომ სასადილო არ დაგვეკეტა. ეს გეგმა არ გამოვიდა. ამიტომ გამოვნახეთ დამატებითი სახსრები და ყველა ბენეფიციარს, პროდუქტს სახლში მივუტანთ. 50 მოქალაქე, ისედაც ბინაზე იღებდა საკვებს და ხვალიდან ყველა ასე მიიღებს. ვისაც დამზადება არ შეუძლია, დამხმარეც მოვუნახეთ”, – განაცხადა ზავრაშვილმა რადიო ჰერეთთან.
გურჯაანის უფასო სასადილოში კორონა ვირუსის გავრცელების წყარო, შეფ-მზარეული გახდა, რომელსაც კორონა ვირუსი, 20 ოქტომბერს დაუდასტურდა.
უფასო კვებით, გურჯაანში 200 ბენეფიციარი სარგებლობს. არცერთ მათგანს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
შესაბამისი პერსონალის გამოჯანმრთელებამდე, დაახლოებით, ორი კვირის მანძილზე, სასადილო დაკეტილი იქნება.