“უფლებები საქართველო”ბორის წიკლაურის საქმეზე ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველო“ ხელისუფლებას მიმართავს და შესაბამის უწყებებს, იტალიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ბორის წიკლაურის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შესაჩერებლად, რეაგირებას სთხოვს.
” იტალიის ეროვნულ დონეზე ამოწურული არ არის წიკლაურის ინტერესების დაცვის შიდა სამართლებრივი მექანიზმები. კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა იტალიის იუსტიციის მინისტრის მიერ წიკლაურის ექსტრადირების თაობაზე გამოცემული ბრძანება გასაჩივრდეს იტალიის ადმინისტრაციულ ტრიბუნალში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სწორედ ამ პროცედურის შემდეგ არის შესაძლებელი წიკლაურის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვა”- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს იტალიაში, უზრუნველყოს წიკლაურის ოჯახის მხარდაჭერა ხელმისაწვდომი სამართლებრივი დახმარების მოძიების პროცესში.
წიკლაურის ახლო ნათესავი, ნათია მექუდიშვილი, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ ოჯახმა ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურა და არასამთავრობო ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართა.
” დღე დღეზე უპირებენ ექსტრადირებას. ჩვენ ფინანსურად არ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ვაწარმოოთ სამართლებრივი დავა და გავასაჩივროთ იტალიის იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება. ადვოკატი ძალიან მაღალ საფასურს ითხოვს. თუ მხარდაჭერა იქნება, ეს ორგანიზაცია მზად არის წარმოადგინოს ჩვენი ინტერესები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”- განაცხადა მექუდიშვილმა.
ბორის წიკლაური ამჟამად იტალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, საიდანაც რუსეთის ფედერაციაში მისი ექსტრადირება იგეგმება.
გადაწყვეტილება მისი რუსეთისათვის გადაცემის შესახებ, ქალაქ ბოლონიის სასამართლომ 2020 წლის 11 სექტემბერს მიიღო.
მოგვიანებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება იტალიის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
წიკლაურის ოჯახმა, ექსტრადირების შეჩერებისა და მისი საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში აქცია რამდენჯერმე გამართა
საქმე საქართველოს მოქალაქის, ბორის წიკლაურის მიერ 1999 წელს, რუსეთის ფედერაციაში ჩადენილ გაუფრთხილებლობით მკვლელობას ეხება.
დანაშაულისათვის წიკლაურმა სასჯელის ნაწილი მოიხადა და შემდეგ რუსეთის ფედერაციის დუმის ამნისტიის აქტით პატიმრობიდან განთავისუფლდა.
2000 წლიდან , რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეზე სისხლის სამართლის საქმე განაახლა და მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.
საქართველოში დაბრუნებული ბორის წიკლაური იტალიაში 2019 წელს გაემგზავრა, თუმცა ის აეროპორტში დააპატიმრეს.