მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა-აფეთქება რუსეთის ქალაქ კრასნოდარში და ბელგოროდში

26 მაისის დილით კრასნოდარის ცენტრში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მორსკაიას ქუჩაზე ნაწილობრივ დაზიანდა ერთ-ერთი საოფისე შენობა და რამდენიმე მანქანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩნდა ძრავა უპილოტო საფრენი აპარატისა, რომელმაც სავარაუდო თავდასხმა განახორციელა აღნიშნულ შენობაზე.

თვითმხილველების მიერ შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ დაზიანებულია კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანია МТС-ის შენობის ფასადი და სახურავი. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

ეს არის პირველი საავიაციო ინციდენტი კრასნოდარის ოლქში, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. ყუბანის დედაქალაქიდან ფრონტის უახლოეს წერტილამდე დაახლოებით 330 კილომეტრია. უცნობია, თუ ვის ეკუთვნოდა უპილოტო მფრინავი აპარატი.

უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონები რეგულარულად ექცევიან ცეცხლის ქვეშ, არის განადგურებისა და მსხვერპლის შემთხვევები. რეგიონული ხელისუფლების მტკიცებით, თავდასხმები უკრაინული მხრიდან ხორციელდება. ამ ცნობებზე კიევი კომენტარს არ აკეთებს.
ქალაქი კრასნოდარი რუსეთის კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. რეგიონი ანექსირებულ ყირიმს ესაზღვრება.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბა ოქტიაბრსკში დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა. კონკრეტულად რომელი, გუბერნატორი არ ასახელებს. რუსული ტელეგრამ-არხის, „ბაზას“ ცნობით, შეტევა განხორციელდა კონცერნ „გაზპრომის“ შენობაზე.

უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ხშირად ხდება. რუსეთის ეს რეგიონი სახიფათო ადგილად იქცა. 22-23 მაისს ბელგოროდში “კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი” მოქმედებდა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ოლქის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ შეაღწია.

ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button