“უსამართლო სასამართლო!” -იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეებმა კონფერენცია ხმაურის ფონზე დატოვეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც თბილისში დიღომში მდებარეობს, მოსამართლეთა კონფერენცია იმართება. სკოლის ეზოს შესასვლელთან პროევროპულ აქციებზე დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები – მოსამართლეთა მიმართ ისმის შეძახილები „მონა“.
მოსამართლეებს შეძახილების ფონზე მოუწიათ როგორც შენობაში შესვლა ასევე შენობის დატოვებაც. ღონისძიება 15:00 საათზე უნდა დამთავრებულიყო, თუმცა რეჟიმთან მოთანამშრომლე მოსამართლეებს ადგილის დატოვება დროზე ადრე მოუწიათ.
“მონა! მონებო!”, “უსამართლო სასამართლო!” – ეს და სხვა შეძახილები ისმის საპროტესტო აქციაზე.
ასევე, აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ მათი შვილების საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების გამოსახულებით პლაკატები, კერძოდ კი: ნინო გალუსტაშვილის, დავით მამისეიშვილის, თამარ მჭედლიშვილის, ნინო სახელაშვილის, ნათია გუდაძის და სხვების.
მშობლების განცხადებით, ესენი არიან მოსამართლეები, რომელთაც „უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ“ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეებზე.
„გვინდოდა გვეკითხა, თვლებში ჩაგვეხედა, რაღაც შეკითხვები დაგვესვა, მაგრამ ეშინიათ. ხედავთ, რამდენი პოლიცია დგას, ე.ი ეშინიათ. ესენი ვერც კაფეში, ვერც მაღაზიაში შევლენ, თავისუფლად ვერც ქუჩაში გაივლიან იმიტომ, რომ იციან, დანაშაულს სჩადიან, იციან და ეს არის მთელი უბედურება. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. რომელი მოსამართლეც მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას, სასტიკად დაისჯება“, – განაცხადა დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ.
34-ე რიგგარეშე კონფერენციაზე იმყოფებიან ის მოსამართლეები, რომლებმაც აქტივისტებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, დაკავებულთა მხარდამჭერები სწორედ ამ მიზეზით შეიკრიბნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობასთან.
„მონა“ შეძახილი მე მესმის ყოველდღიურად ტელევიზიიდან… ახლაც გავიგებ, მაგრამ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს“, – თქვა ერთ-ერთმა მოსამართლემ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შესვლამდე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოსამართლეთა წინააღმდეგ აქცია იმართება. ასე მოხდა 12 იანვარსაც რესტორან „ბაბილოსთან“, სადა მოსამართლეთა კორპორაციული წვეულება იმართებოდა. იმ დღეს მოსამართლეებმა რესტორანი პოლიციის დახმარებით დატოვეს. კონფერენციის ჩატარების შესახებ მედიასაშუალებების ნაწილი ინფორმირებული არ იყო. ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პლატფორმებზე.
მედიამ მოიპოვა კონფერენციის დღის წესრიგი, რომელთა შორისაც მთავარი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაა. საბჭოს საქართველოს კანონმდებლობით მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს მინიჭებული – მათ გარეშე შეუძლებელია სასამართლო სისტემაში შესვლა (გამონაკლისია საკონსტიტუციო სასამართლო). საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს, არჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს და კანდიდატურას დასამტკიცებლად უგზავნის პარლამენტს.
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალია. საპირისპიროს ამბობენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და არგუმენტად იშველიებენ სასამართლო სისტემაში მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურია.