,,უსაქმური ადამიანები არიან ქართველო ხალხს თავი სიცრუით დაამახსოვრეს,,-კალაძე EU-ის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებზე
,,ზურაბიშვილი და სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსები,,-კალაძემ პრეზიდენტი შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია

ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. უსაქმური ადამიანები არიან, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში, – ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტი.
მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში იმყოფებიან, უსაქმურები უწოდა. ამ საკითხზე ჟურნალისტებისთვის მიცემული კომენტარი თბილისის მერიის პრესსამსახურმაც გაავრცელა.
მისივე თქმით, დელეგაციის წევრები ევროპის სახელით საუბრობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა, დაძაბულობა მოხდეს.მისი თქმით, მათ საქართველოს მოსახლეობას თავი სიცრუით დაამახსოვრეს.
„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ეს არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში. ჩვენ გვახსოვს, როცა ისინი ოპოზიციის აქციების დროს ჩამოვიდნენ, მათ შორის, ისინი სიტყვითაც გამოვიდნენ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრა თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ჩვენ ვისმენდით ამ დროის განმავლობაში დღესაც აგრძელებენ. შესაბამისად, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ და ვინ არიან. მათ განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვთ.
ევროპა, ევროკავშირი სხვადასხვა ღირებულებებზე არის დაფუძნებული. რამდენიმე ღირებულებაა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი არის მშვიდობა. შესაბამისად, ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დაძაბულობა. არა მხოლოდ ახლა, არამედ ზოგადად ადრეც. თუ გავიხსენებთ რამდენიმე თვის წინ რა განცხადებებს აკეთებდნენ, ჩვეულებრივი მავნებლები არიან. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ! ეს ადამიანები პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას, ქართველ ხალხს. შესაბამისად, ასეთი ადამიანების განცხადებებს, ქმედებებს – ყველაფერს აქვს ჩალის ფასი,,-თქვა კალაძემ
მან შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ევროპელ პარლამენტარებს შეხვდა:
ასე რომ, ზურაბიშვილი და სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსები, რადიკალები, რომელიც ქვეყნის შიგნით არიან, რომლებიც ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ. ესენი ყველანი ერთნი არიან. გარედანაც ვინც აკეთებს განცხადებებს ერთნი არიან და ერთი ფრთის ქვეშ არიან, ერთი პატრონი ჰყავთ.
ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხვდებოდნენ. თუ იგივე კონტექსტში ვსაუბრობთ, ეს საბჭოურია. ეს საბჭოური მიდგომა და დამოკიდებულება მოდის ამ რადიკალებისგან, რომლის ნაწილი დღეს საქართველოში არის და რომლის განცხადებებს ჩვენ გარედან ვისმენდით”, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან:
გერმანია – მიხაილ როთი;
ფინეთი – იუკა კოპრა;
შვედეთი – ერიკ ოტოსონი;
საფრანგეთი – ფრედერიკ პეტი;
ლიეტუვა – ჟიგიმანტას პავილიონისი;
ლატვია – ინარა მურნიეცე;
ესტონეთი – მარკო მიხელსონი;
პოლონეთი – მიჰაუ კამინსკი.
დღევანდელი, 11 ნოემბრის დილა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყეს. ევროპელი პარლამენტარები შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ისინი მათთან შეხვედრას არ აპირებენ.
გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური რიტორიკა და ცრუ განცხადებები. „ქართული ოცნების” ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.