რეგიონისაქართველოსიახლეები

“უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ მკაცრ შეზღუდვებს”

“კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ შეიძლება იკლოს კიდეც, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ მკაცრ შეზღუდვებს, საგანგებო მდგომარეობასა და საკარანტინო მოთხოვნებს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. მისი თქმით, ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში კორონავირუსი სულ გაქრება და საქართველოში არც ერთი ინფიცირებული არ იქნება და სწორედ ამიტომ ქვეყანამ უნდა შეძლოს, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი დაბალი იყოს.

„ჩვენ უნდა შევაკავოთ ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა. ახალი შემთხვევების ზრდა აღარ შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ყოველდღე გესმით, რომ ათასობით ახალი ავადმყოფია და ასეულობით გარდაცვლილი, ამას ყოველდღე ხედავთ. საბედნიეროდ, ჩვენთან ინფიცირებულების რაოდენობამ მოიკლო და სულ 5 გარდაცვლილია, გარდაცვლილების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე ამ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ. უნდა მოვამზადოთ პლაცდარმი იმისთვის, რომ ინფიცირებულების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა გვყავდეს.“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ზიარების წესთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე თქმით, ეს სენსიტიური თემაა, თუმცა საკუთარ პოზიციას ამის თაობაზე ყოველთვის დააფიქსირებს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას გაეცნო.

მსგავსი პოსტები

Back to top button