მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

უსმენს თუ არა სუსი სასულიერო პირებს

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა ჩანაწერები, რომელიც მათი მტკიცებით, შეიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება სამი ათასამდე დოკუმენტს, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.

გავრცელებული დოუმენტები შეიცავს შემდეგი შინაარსის მიმართვას:

„ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს – ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის… ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში – ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!.. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას – გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“

ფაქტს ეხმაურება მმართველი გუნდი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული ტელევიზიების მხრიდან.

„მე მითხრეს, რომ გავრცელდა ეკლესიის მადისკრედიტირებელი რაღაცა გადაცემა. ეს არის მუდმივი კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ცდილობენ მუდმივად ეკლესიის დისკრედიტაციას. თუმცა, ეს მცდელობები არის წარუმატებლობისთვის განწირული. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე, როდესაც კონკრეტული პარტიები და ტელევიზიები ეწევიან ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ისინი ამისთვის მიღებენ სათანადო პასუხს საზოგადოებისგან, პირველ რიგში, ამ არჩევნებზე“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

საპატრიარქოს აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button