უტენდეროდ დახარჯული მილიონებით მხარდაჭერილი სოფელი
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 40 მილიონი ლარით ფინანსდება, ტენდერების გარეშე ხორციელდება.
თანხა კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება. ორგანიზაციის თქმით, გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება გამჭვირვალობასა და კონკურენციას ამცირებს.
“ამ გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უარს ამბობს კონკურენტული პროცედურების შედეგად მიღებულ პოტენციურ სარგებელზე, როგორიცაა სახსრების დაზოგვა და რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის წახალისება სახელმწიფო შესყიდვებში. განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ათასი შესყიდვისთვის გამარტივებული პროცედურის გამოყენებაზე გაიცემა ერთიანი თანხმობა, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, თანხმობა ყოველ შესყიდვაზე ინდივიდუალურად უნდა გაიცემოდეს. ის ფაქტი, რომ სოფლის პროგრამის შემთხვევაში ერთიანი თანხმობა მეორე წელია უპრობლემოდ გაიცემა, მიანიშნებს იმაზე, რომ მკვიდრდება ახალი, მავნე და კანონთან შეუსაბამო პრაქტიკა”. – აცხადებს TI-საქართველო.
ორგანიზაციის თქმით, გადაწყვეტილებების მიღება კანონის დარღვევით ხდება. კერძოდ, გადაწყვეტილება მიიღება ე.წ. „ერთობლივი შესყიდვის” მექანიზმით, როდესაც რამდენიმე შემსყიდველს შეუძლია, ერთობლივად განახორციელოს ერთი შესყიდვა.
“კონკურენტულ პროცედურებთან შედარებით, გამარტივებული შესყიდვა ყოველთვის ატარებს კორუფციის მომეტებულ რისკს, რადგან მისი გამოყენების დროს არაგამჭვირვალედ და უკონკურენტოდ ხდება კომპანიის შერჩევა. შემსყიდველს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს კომპანია შეარჩიოს ფასისა და ხარისხის მიღმა არსებული ისეთი კრიტერიუმებით, რომლებიც პოტენციურად უსამართლო ანდა უკანონო შეიძლება იყოს. გამარტივებული შესყიდვის დროს ასევე იზრდება ფარული გარიგებების არსებობის რისკი. მთავრობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს 40 მილიონის საერთო ღირებულების რამდენიმე ათასი კონტრაქტი სწორედ ამ გზით გაიხარჯოს, შეიძლება შეფასდეს, როგორც უკანონო, და ასევე უპასუხისმგებლო და კორუფციის წამახალისებელი”. – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”.