ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

უთანასწორო გარემო სატრანსპორტო ლაბირინთში

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე  

22 წლის ანა სიხაშვილი უსინათლოა. როგორც მისი ასაკის ახალგაზრდების უმეტესობა, ისიც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, — ჰყავს ფართო სანაცნობო წრე, კომუნიკაბელურია, ხშირად იყენებს სოციალურ ქსელებს.  გარდა ამისა, ანა სიხაშვილი  აქტივისტია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის იბრძვის. მაგრამ უწევს უთანასწორო  გარემოში გადაადგილება. კერძოდ, თბილისის ქუჩებში არ არის ტაქტილური ბილიკები, რომელიც უსინათლო ადამიანს მოძრაობის მიმართულებას მიანიშნებს; ქვეითთა გადასასვლელების უმეტესობასთან არ დგას ხმოვანი შუქნიშნები; კიბეებთან და ზებრა გადასასვლელებთან არ არის ბარიერის მაჩვენებელი რელიეფური ფილები; გაჩერებებზე არ ცხადდება, თუ რა ნომერი ავტობუსი მოდის; ავტობუსში კი, გაჩერებებს იშვიათად აცხადებენ. და ეს პრობლემების მცირე ჩამონათვალია.

 

ანა სიხაშვილი:

ანა სიხაშვილი

„ადიხარ ავტობუსში და უცებ ხდება, რომ არ ხმოვანდება გაჩერება. და შენ ამ დროს, ჰაერში ხარ გამოკიდებული იმიტომ, რომ… მე მაგალითად, ტელეფონს ვიყენებ და კი ბატონო, „მეფს“ ჩავრთავ, მაგრამ ყოველთვის ხომ არაა, ხომ შეიძლება, ან ტელეფონი დაგიჯდეს ან რაღაცა… ისევ და ისევ, ვბრუნდებით იმ რეალობაში, რომ აუცილებლად, ვიღაცას უნდა ვკითხოთ.“

ანას თქმით, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის კვლავ პრობლემად რჩება მოუწესრიგებელი ავტობუსის გაჩერებები. სისტემა ასეთია: მძღოლი ხედავს, რომ გაჩერებაზე დგას ეტლით მოსარგებლე, ჩამოდის და წევს პანდუსს, შემდეგ კი, ეტლით მოსარგებლეს ასვლაში ეხმარება. მიუხედავად გადამზადებისა, მძღოლები წესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ავტობუსის გაჩერების ნაცვლად, ავტომობილების სავალ ნაწილზე ჩერდებიან.

ანა სიხაშვილი:

„რაც შეეხება ეტლით მოსარგებლეებისთვის ტრანსპორტს, ხომ არის, რომ გადმოსასვლელი პანდუსებია ავტობუსში და არ არის პრობლემა თითქოს, ხო? მაგრამ არის ძალიან დიდი პრობლემა. ძალიან ხშირად, როცა ეტლით მოსარგებლე ელოდება… ჯერ ეს ერთი, ხომ სულ გადატენილია ავტობუსები… კი, არის დაჯავშნილი ის ადგილი ეტლით მოსარგებლისთვის, მაგრამ მაინც პრობლემას წარმოადგენს, ხომ არ ჩამოყრი იმ ხალხს. მეორე საკითხი აქ არის კიდევ ის, რომ მძღოლებს, როგორც ჩანს, ცნობიერის დონემდე არ აქვთ ის დასული, რომ ეტლით მოსარგებლეს უნდა გადმოუშალონ ეს პანდუსი და თვითონ უნდა ავიდეს. ხშირ შემთხვევაში, ტროტუართან ახლოს ვერ მიდის ავტობუსი. ან არ მიდის იმიტომ, რომ მერე ამბობს, რომ იქ ხე არის და მიკაწრავს და შესაბამისად, უწევს მერე, რომ ეტლით მოსარგებლე ხელით აწიოს.“

რაც შეეხება მეტროს, ის ავტობუსებისგან განსხვავებული, სპეციფიკური სფეროა და ეტლით მოსარგებლეებისთვის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სრულ მოდერნიზაციას მოითხოვს.

ანა სიხაშვილი:

„ახლა რა გააკეთეს მეტროსადგურ გოცირიძეზე: რელიეფური ფილა არის სპეციალური ფილა, რომელიც გაჩვენებს უსინათლო ადამიანს, რომ არის რაღაც ბარიერი, ან რელიეფური ფილა ასევე შეიძლება იყოს ისეთი, რომ მიმართულებას გაჩვენებდეს. ესე იგი, კიბის ნახევარზე და დასაწყისში, არ აგია. ნახევარზე აგია, ნახევარზე – არა. რუსთაველზე, თავისუფლებაზე არც ლიფტებია ეტლით მოსარგებლეებისთვის. მიმართულების მიცემის რელიეფური ფილებია საჭირო, რომელიც არ არის ასევე. სამგორის მეტროში დაუგიათ, მაგრამ უბედურება რა არის, იცით? უკვე აყრილია.“

ანას მსგავსად, პრობლემებს აწყდება პარტია „ხალხისთვის“ წევრი, შშმ აქტივისტი ნიკო ჩაბაიძეც. ის ყურადღებას ამახვილებს გაუმართავ ხმოვან სისტემაზე, რომელიც გადაადგილების დროს, გადასასვლელებთან ხშირად აფერხებს და მერიას აღნიშნული საკითხის მოგვარებას სთხოვს.

ნიკო ჩაბაიძე

ნიკო ჩაბაიძე:

„ჩვენ ვიცით, რომ მუშაობს ეგრეთწოდებული ხმოვანი სისტემა ავტობუსებსა და გადასასვლელებში, მაგრამ ჩვენ ზოგან ვხვდებით გაუმართავ სისტემას ამ მხრივ და შშმ პირებისთვის ძალიან რთული არის ასეთ გაუმართავ სისტემასთან მუშაობა, ადაპტირება.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის, სოფო მენაბდიშვილის  განმარტებით, შშმ პირებზე არაადაპტირებული ტრანსპორტით, არა მარტო ადამიანის გარემოზე მისაწვდომობის უფლება, არამედ განათლების უფლებაც იზღუდება. ამასთან, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ  გაიაზროს, რომ მაგალითად, გარემოზე მისაწვდომობა არა ერთი უფლება, არამედ ბევრ სხვა უფლებასთან დაკავშირებული საკითხია. მათი განხორციელების შემდეგ კი, შშმ პირებს თანასწორ სივრცეში ყველა უფლების რეალიზების შესაძლებლობა ექნებათ.

პანდუსი თბილისში

სოფო მენაბდიშვილი:

„სამწუხაროდ, თბილისის მასშტაბით, ყველგან ეს ადაპტირება არ გვხვდება, – ის სტანდარტები, რა სტანდარტებსაც ჩვენ გაერო გვთავაზობს. განსაკუთრებით პრობლემურია ეს საკითხი რეგიონებში. მაგალითად, გორიდან რომ იაროს სტუდენტმა თბილისში, ამისთვის შესაბამისი საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ არსებობს. თუ ადამიანი ეტლით მოსარგებლეა, პრაქტიკულად, ის განათლებას ვერ მიიღებს. ჩვენ მოსწავლეები გვყავდა თავის დროზე, ერთი საქმე გვქონდა თელავის რაიონში, სადაც ბავშვს შესთავაზა განათლების სამინისტრომ შინმოვლის პროგრამაში სწავლა იმის გამო, რომ არ არსებობდა ქალაქში ამ ბავშვზე ადაპტირებული ტრანსპორტი. ოღონდ, შინმოვლის პროგრამის ფარგლებში საერთოდ არ სჭირდებოდა ამ ბავშვს, თავისუფლად შეეძლო სკოლაში ესწავლა და მიეღო განათლება, მაგრამ ერთი წელი, იმის გამო, რომ სკოლამ ტერიტორია შეიცვალა და მის სახლთან ახლოს აღარ იყო, მეორე სკოლაში ვეღარ მიდიოდა იმიტომ, რომ ტრანსპორტი არ იყო.“

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში რადიო „თბილისს“ განუმარტეს, რომ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, მისაწვდომობა  გათვალისწინებულია. სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი ამბობს, რომ  პროცესი მიმდინარეობს და უნივერსალური მისაწვდომადობის მაქსიმალური სტანდარტების დანერგვა იგეგმება.

დავით ჯაიანი:

„ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ და ყველა ავტობუსზე, თავისთავად, იქნება ეს სისტემა ამუშავებული. აუცილებლად მინდა ვახსენო თბილისის მეტროპოლიტენის 12 სადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით… ეს რეკონსტრუქცია, პრინციპში, იქნება სრული რეაბილიტაცია აღნიშნული მეტროსადგურების, რომლის ფარგლებშიც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებასთან ერთად, უპირატესი პრიორიტეტი არის მისაწვდომობის მაქსიმალური გაზრდა.“

მთავრობას შშმ პირების უფლებების დაცვის ვალდებულება 2013 წლიდან აქვს. სწორედ ამ დროს შეუერთდა საქართველო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციას. გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთ-ერთი, ურბანული დასახლებების განვითარებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას გულისხმობს.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button