მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

უთანხმოება ოპოზიციაში

“თუ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, არ უქმნი კოალიაციას, მაშინ ლოგიკურად არის მეორე, – “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი.” — ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, კოალიციურ მთავრობაში სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი არ იქნებიან.

“ერთიან ნაცონალურ მოძრაობაზე” თავდასხმა და მათ შორის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე, ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომელიც, მაგალითად, ღარიბაშვილის ენით ახმოვანებს იმას, რომ “ნაცინალური მოძრაობა” საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. შესაბამისად, ეს დააზიანებს რა თქმა უნდა იმ საერთო ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს თუნდაც, საერთო მაჟორიტარების ჭრილში და ეს არის სწორედ ის მიმართულება, რომელიც უკვე 8 წელია ამოღებული აქვს მიზანში “ქართულ ოცნებას”. — ამბობს ხატია დეკანოიძე “მთავარ არხთან”.

მისივე განცხადებით, ახლა საერთო მიზანი და ოპოზიციის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს.

“ეს უნდა იყოს მთავარი გზავნილი ოპოზიციის ყველა იმ პარტიის, რომლის მთავარი მიზანი არის სწორედ “ქართული ოცნების” დამარცხება და არა საკუთარი ამბიციების ზოგად მიზანზე მაღლა დაყენება.” — აღნიშნა დეკანოიძემ.

მოისმინეთ ხატია დეკანოიძის ხმა.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ ის კოალიციურ მთავრობას ყველა პრო-დასავლურ ძალასთან ხედავს.

“მე კოალიციურ მთავრობას ყველა პრო-დასავლურ ძალასთან ვხედავ. პერსონების განხილვა ნამდვილად არ ყოფილა. მე ვაპირებ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერი და ყველაზე მაგარი პროფესიონალები იყვნენ მინისტრებიც და დავაბრუნოთ ის ადამიანებიც საქართველოში, ვინც სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფება და მათი ინტელექტუალური რესურსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უნდა დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი.” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მოისმინეთ გიორგი ვაშაძის ხმა.

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად.

ასე უპასუხა მან “ღამის კურიერში” ჟურნალისტის კითხვას, — “იმ შემთხვევაში, თუ “ნაციონალური მოძრაობა” სიაში ჩაწერს სააკაშვილს, ადეიშვილსა და მერაბიშვილის, მისაღები იქნება თუ არა “ევროპული საქართველოსთვის” ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება?”

“როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან, მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად.” — განაცხადა ბაქრაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, — “რატომ?”, დეპუტატი ასე პასუხობს:

“იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე; იმიტომ, რომ მიგვაჩნია, დღეს სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, მაგრამ საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ და იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად, მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები”.

მოისმინეთ დავით ბაქრაძის ხმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა თბილისში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდა. გამომდინარე ახალი საარჩევნო სისტემიდან, პარლამენტში უფრო ბევრი პარტია შევა და თუ “ქართული ოცნება” უმრავლესობაში არ იქნება, სავარაუდოდ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდება საჭირო, რაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელ მინისტრებს გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button