მნიშვნელოვანისიახლეები

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ხვალ იყო დაგეგმლი, აღარ განიხილავენ

“ხალხის ძალის” კანონპროექტის ე.წ. ამერიკულ ვერსიას „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში ხვალ იყო დაგეგმლი, აღარ განიხილავენ.

შესაბამისად, ვენეციის კომისიაში ე.წ. აგენტების შესახებ გადაგზავნილი ორი კანონპროექტიდან მხოლოდ ერთი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტია პირველი მოსმენით მიღებული, ხოლო მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, მხოლოდ საკომიტეტო მოსმენის ფორმატშია განხილული.

ე.წ. აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიას დღეს გადაეგზავნა, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. პაპუაშვილი კლერ ბაზი მალორს აღნიშნული კანონპროექტების შესახებ ინფორმაციას აწვდის და ვენეციის კომისიას სთხოვს, მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე.
ამასთან გაირკვა, რომ კომისიას “ხალხის ძალის” ორივე კანონპროექტი გაეგზავნა, მათ შორის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებული ვერსია.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილით, რომლითაც ის ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორს მიმართავს,

პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული ორი კანონპროექტია: პირველი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს და მეორე – “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ”, რომელსაც “ამერიკულ ვერსიად” მოიხსენიებენ.
„საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩვენ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

7 მარტს მმართველ პარტიაში მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და ორი ინიციირებული კანონპროექტიდან ერთ-ერთის განხილვა დაიწყო – მამუკა მდინარაძის თქმით, “თავდაცვის კოდექსში” შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. პარლამენტმა დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო.

ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), “უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები – აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.

კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი გუშინ დაუჭირა. კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button