უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დგინდება

უცხოელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენამ, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, შესაძლოა, მისი საქართველოდან გაძევება და მის მიმართ საქართველოში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვა გამოიწვიოს. აღნიშნული ზომა უცხოელის მიმართ იმ შემთხვევაშიც შეიძლება გამოიყენონ, თუ ის შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებულ წესებს დაარღვევს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, სახდელის ორი ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შემოდის. აღნიშნული სახდელები უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოიყენება.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით, უცხოელის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე, 173-ე, 173/16-ე და 174/1-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში, ფულად სანქციასთან ერთად, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
გარდა ამისა, ცალკეული სამართალდარღვევებისთვის ფულადი სანქციები იზრდება. კერძოდ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, 180 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ასევე სახდელის სახით გამოყენებული იქნება უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 6 თვის ვადით.
მოქმედი კანონით, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვეზე მეტ ხანს იწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი პროექტით კი, განსხვავებული სანქციები განისაზღვრება 1 წლამდე და 1 წელზე მეტ ხანს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის კანონიერი საფუძვლის გარეშე საქართველოში ყოფნისთვის.
უფრო კონკრეტულად, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით, ხოლო 1 წელზე მეტ ხანს − 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.
პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, 100 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება სახდელის სახით დაკისრებული ფულადი სანქცია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევისთვის.
ამასთან, სანქციის სახით 100 ლარის ნაცვლად, 2 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას გამოიწვევს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა, მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევისათვის.
უცხოელთა მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებაც იგეგმება.
შს სამინისტროს მიერ მომზადებული და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებია, რომლის მიხედვით, უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დგინდება.
აღნიშნული სასჯელი შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად.
პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, სასჯელის სახით დანიშნულ საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე, დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით განსხვავებული ვადები დგინდება. კონკრეტულად, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელს შეიძლება დაენიშნოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 2-დან 10 წლამდე ვადით, ხოლო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 5-დან 20 წლამდე ვადით.
ამავე პროექტით, ცალკეული ქმედებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება – კერძოდ, იმ უცხოელის მიერ, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ან რომლის მიმართაც არსებობს საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა უცხოელის მიერ სამგზავრო დოკუმენტის განზრახ განადგურებაში ან ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, დოკუმენტის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურისათვის თავის არიდებაში და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდებაში, დაისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებით და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 6 წლამდე.
ამავდროულად, აღნიშნული ნორმა, დამამძიმებელ გარემოებათა სახით ითვალისწინებს იგივე ქმედების ჩადენას არაერთგზის, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 5-დან 9-წლამდე.
გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, ცალკეულ დანაშაულებს (344-ე და 344/1 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულები) სასჯელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება.
შს სამინისტროს საკანონმდებლო პროექტი განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადაეცა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია.
ცვლილება 18 კანონში შედის, რომელთა შორის არის: – “საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონი, “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონი, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონი. ასევე ცვლილებები შედის “პოლიციის შესახებ“ კანონში, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, “სისხლის სამართლის კოდექსსა“ და სხვა კანონებში.
საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. უწყების ცნობით, ცვლილებების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი ცვლილებების მიხედვით:
. “სისხლის სამართლის კოდექსს“ სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება;
. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება;
. იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;
. მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:
. ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც თავშესაფარი ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს;
. ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
. მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
. ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც შს სამინისტროს ცნობით, გასაჩივრების ვადების კონტროლს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს;
. შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადაეცა.