მნიშვნელოვანისიახლეები

უცხოელის საქართველოდან გაძევების შემდეგ განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლა აიკრძალება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით.

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. კიდევ ერთი ცვლილება ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს. მდინარაძის განმარტებით, შემოდის ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე, უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

„პირველი არის საკითხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული კადრებიდან, თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ძალიან აწუხებს. ჩვენ ამ გამოწვევების ადეკვატურად გვინდა, რომ წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს – სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ასევე ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე, უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. იზრდება მნიშვნელოვნად ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button