მნიშვნელოვანისიახლეები

,,უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით 5 წლამდე

ქართული ოცნების მიერ ნათარგმნი FARA, რომელიც არალეგიტიმურ და ერთპარტიულ პარლამენტში 24 თებერვალს დაარეგისტრირეს, ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც არსებული ინფორმაციით, აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანია, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები ახლავს თან.

სისხლის სამართლის კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით 5 წლამდე. იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის გაზაფხულზე მიღებული, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მასში ასახული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრებას ითვალისწინებს.
კანონპროექტში “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) გამოყენებულია ტერმინები: “აშშ-ის პრეზიდენტი”, “სახელმწიფო დეპარტამენტი”, “კონგრესი” და ა.შ. ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე ოცნების წევრებმა თქვეს, რომ უნდა დაკორექტირდეს, რადგან “სიტყვასიტყვით ნათარგმნია” და “სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს” შეიცავს.

განზრახ არის დატოვებული ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა – ერთადერთი გზა, რომ ჩვენ მიერ ახლად დაინიცირებული კანონი გააკრიტიკონ ისაა, თქვან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ცუდი და ამას ლიბერალური ინტერნაციონალი, თავისთავად, ვერ იტყვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი „ფარას“ იდენტურია, ახლა კი პარლამენტი მას ტერმინოლოგიურად მოარგებს ქართულ რეალობას.

„ჩვენ სიტყვა-სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული ფარა, მათ შორის განზრახ დატოვებულია ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა, რომ არ თქვა, იქ სხვა რამე წერია და აქ სხვა.

ახლა იდენტურია – ყველა ტერმინი, სიტყვა, მძიმე, წერტილი არის იდენტური და ახლა, პარლამენტი უკვე ტერმინოლოგიურად მოარგებს ამას ქართულ რეალობას. მაგრამ მგონი ყველა შეთანხმდა, რომ ეს არის ამერიკული „ფარა“. ამერიკა რომ გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვის სამაგალითო და მისაბაძი ქვეყანაა, ესეც ყველამ ვიცით. ამიტომ, თუ უნდათ ამერიკის შეერთებული შტატები აკრიტიკონ, იციან, სად არის ამერიკის საელჩო. ვნახეთ, მათ ლიბერალურ ისტორიაში პირველად გუშინ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდს. ფაქტობრივად, აშშ-ის საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც დიდი ხანია მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ ხელისუფლება და საზოგადოება – ბულინგს, ზიზღის ენას, მუქარას, რომელიც მოედინებოდა ხოლმე ქართველი სუბიექტების მიმართ. გუშინ ვნახეთ ეს სრულად გადაღვრილი ამერიკის შეერთებული შტატების „ფეისბუქ“ გვერდზე. ამას მკაცრად აღიქვამს ვინმე, თუ არამკაცრად, ეს უკვე მათი საკითხია, მთავარია ერთი რამ – ეს არის იდენტური ამერიკულთან. თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, მაშინ უნდა აკრიტიკონ ამერიკა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები დაკავებული არიან საქართველოს ციხის შიგნიდან მსხვრევით და მტვრევით.

„უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დანიშნავს. როცა ამ არჩევნებს დანიშნავენ, პრეზიდენტის და პრემიერის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და გამოიტანენ სამსჯავროზე თავის სამარცხვინო ქცევას. კიდევ ერთხელ, ამ სამარცხვინო ქცევას განაჩენს ქართული საზოგადოება გამოუტანს, რაც არაერთხელ მომხდარა და ეს კიდევ ერთხელ განმეორდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ოცნების” პარლამენტმა FARA და მედიისთვის ცენზურის დამწესებელი კანონპროექტები დაარეგისტრირა

მსგავსი პოსტები

Back to top button