„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შეტანის გამო გაერო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს
რუსულ კანონის კრიტიკის გამო მდინარაძე გაეროსგან არგუმენტებს ითხოვს

საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შეტანის გამო, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. ის მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.
გავრცელებულ განცხადებაში გაერო წუხილს გამოთქვამს იმაზეც, რომ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა გენდერული კვოტირება. ორგანიზაციის შეფასებით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში იხსენებს რა 2023 წლის 26 თებერვლის განცხადებას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში“, – წერია განცხადებაში.
გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა ასახელებს იმ ჯგუფებს, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა დახმარების გარეშე დარჩეს.
„საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს და იცავენ მათ უფლებებს. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ.
სამ ათწლეულზე მეტია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს სანდო პარტნიორია, მხარს უჭერს ქვეყნის განვითარებას ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა მიუთითებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ანალიტიკურ შეფასებაზე, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნითა და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან კონსულტაციით მომზადდა და რომლის მიხედვითაც, აღნიშნული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების სულისკვეთებას.
განცხადების თანახმად, გაერო საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კანონპროექტი და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიყენა დაჩქარებული პროცედურა სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების გასაუქმებლად. მისი შეფასებით, საქართველოში ქალთა საარჩევნო კვოტირების დროებითი მექანიზმის შემოღება იყო გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დიდი ხნის რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ქალთა სისტემური გარიყვის კომპენსირებას. მას მიაჩნია, რომ მისი გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.
გაერო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყოველი ღონე იხმაროს იმ ქმედებათა თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეაფერხებს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
აგენტების კანონის განხილვის დაწყება კომიტეტმა 15 აპრილამდე გადადო
“არ არსებობს მსოფლიოში, მათ შორის არც ჩვენ მეგობარ ქვეყნებში, არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა ან ადამიანი, რომლის პოზიციას ჩვენ გავიზიარებთ არგუმენტის გარეშე, ასეთი არ არსებობს და აღარ იქნება ჩვენთვის” – ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან, ასევე სხვა ოფიციალური უწყებებისგან არგუმენტებს ითხოვს რუსულ კანონის კრიტიკის გამო.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა გაეროს განცხადებაზე, სადაც წერია – “აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში”.
“შეშფოთებულები არიან, დაარტყამს სამოქალაქო საზოგადოებას, ამას იზას, იმას იზამს, რატომო?! რა წერია. მე გეუბნებით, რომ არ შეუქმნის, და რატომ შეუქმნის. კი არ ვემიჯნებით, მათ არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, რატომ შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში ის, რაც არ უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს ევროპაში. […] არგუმენტი არ არის მეთქი, ასეთი ოფიციალური სტრუქტურა და ადამიანი მსოფლიოში არ არსებობს ჩვენთვის, რომელიც არგუმენტის გარეშე რაღაცას გვეტყვის და ამას მივიღებთ. […] გნებავთ გაერო იყოს, არც ერთი ოფიციალური სტრუქტურის, ჩვენ მეგობრებში მათ შორის, სხვაზე არ ვლაპარაკობ საერთოდ, ჩვენ მეგობრებში, ცივილიზებულ, დასავლურ სამყაროში, არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია და პირი, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ რომლის პოზიციასაც გავიზიარებთ. გვითხრან ერთი არგუმენტი, მათ შორის გაეროს წარმომადგენლებს ვთხოვ, აგერ უმრავლესობის სახელით”, – თქვა მდინარაძემ.
რა ხდება:
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ” უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.
ცნობისთვის, “ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა – “ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის”, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.