მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უწყვეტი ბრძოლები უკრაინაში ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს ესვრიან

რუსეთის სამხედრო ძალებმა წუხელ იერიში მიიტანეს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქებზე, დრუჟკოვკასა და კრამატორსკზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს წინასწარი ინფორმაციით, დრუჟკოვკაში დაიჭრა 2 ადამიანი. ტიმოშენკოს ცნობით, სარაკეტო შეტევა იყო ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელ იაკოვლევკაზეც. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ დრუჟკოვკაში ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ყინულის სპორტულ მოედანზე.

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე შეტევის შედეგად, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

წუხელ სარაკეტო და საარტილერიო შეტევა იყო სუმის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და სკოლის შენობა.

რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კირილენკოს თქმით, რუსულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. მისივე ინფორმაციით, დაიღუპა 1, დაშავდა 2 ადამიანი და დაზიანდა წყალმომარაგების ობიექტი.
„რუსებმა კურახოვოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს – მათ საცხოვრებელ უბანს დაარტყეს, წინასწარი ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი – დაშავდა. ერთი ჭურვი პირდაპირ მაღალსართულიან შენობას მოხვდა. გარდა ამისა, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა“, – აცხადებს კირილენკო.

მისივე განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მთელი რეგიონი საშიშია და მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 52 საავიაციო და 6 სარაკეტო დარტყმა და 77 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, ყველა სარაკეტო და საავიაციო დარტყმა მიმართული იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 27 უპილოტო საფრენი აპარატიც, რომლებიც თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 9 და ლუგანსკის ოლქის 4 დასახლებულ პუნქტთან. სარდლობის თანახმად, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 5 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. ჩამოაგდეს ვერტმფრენი Ка-52.

მსგავსი პოსტები

Back to top button