მნიშვნელოვანისიახლეები

უწყვეტი პროტესტი გრძელდება – აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგს აპროტესტებენ

3 საათზე დაიწყეს შეკრება დღეს მოქალაქეებმა, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველი თბილისში ორ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბა. შემდეგ კი საპროტესტო მსვლელობით დაიძრა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. მოთხოვნებს შორის არის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების შეცვლა.

თბილისში მიმდინარე 2 მსვლელობა ერთმანეთს თსუ-ის პირველ კორპუსთან შეხვდა.

მსვლელობები 15 საათიდან მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყო. პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებმა და მოქალაქეებმა გაიარეს დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაერთიანდნენ.
სამი კოალიციის: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა“ და „ცვლილებებისთვის“ ლიდერები მხარდაჭერებთან ერთად გმირთა მოედანზე მივიდნენ.

მსვლელობა, რომელიც მათ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობის მოთხოვნით, თბილისის სხვადასხვა ადგილებიდან დაიწყეს, საბოლოოდ გმირთა მოედანზე გაჩერდა.

აქციის ლიდერებისა და მონაწილეების განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, რის გამოც მისი შედეგები არალეგიტიმურად უნდა იქნეს ცნობილი.

პროტესტი არის უწყვეტი, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილზე – მთავარი არის ის, რომ აქ გამოიხატება მოსახლეობის დიდი ნაწილის გულისწყრომა მოპარულ არჩევანთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ისინი კი მობილიზებული არიან თავიანთი არჩევანის დასაცავად.

„ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ფორმით, პროტესტი არის ამის ერთ-ერთი ფორმა და მნიშვნელოვანია, რომ ის მუდმივად ჩანდეს. ჩვენი უცხოელი მეგობრები, რომელთა ძალიან დიდი შემადგენლობა თბილისში იქნება ორშაბათს, მუდმივად უნდა ხედავდნენ რომ აქ არის უკმაყოფილება, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დადგა. ადრე თუ გვიან ეს შედეგს მოიტანს. ესენი არიან კორუმპირებულები, ჩაჭიდებულები არიან საკუთარი ცხოვრების სტილზე და მათ არ სურთ დათმონ მილიონები. ესენი არ არიან ლეგიტიმურები, არჩეულები ვართ ჩვენ. ეს პროტესტი გაგრძელდება, ჩვენი კი ვართ მობილიზებული ჩვენი არჩევანის დასაცავად“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

“ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ბევრი სიურპრიზი ელის.

“გეგმა არის ახალი არჩევნების მიღწევა და პროტესტი. ბევრი რამე იქნება და ბევრი სიურპრიზი ელის ხელისუფლებას, მანამ სანამ ახალ არჩევნებს არ მივაღწევს,”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ლიდერების თქმით, აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button