მნიშვნელოვანისიახლეები

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

განათლების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ალექსანდრე წულაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა, განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა- ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესრელიზში არ არის დაკონკრეტებული, რა სფეროებზე იქნება პასუხისმგებელი წულაძე. აქცენტი კეთდება მის განათლებასა და აკადემიურ საქმიანობაზე.
სამინისტრო განცხადებაშივე აღნიშნავს, რომ ის 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. კანონის მიხედვით, უფლებამოსილება მას პარლამენტმა უნდა შეუწყვიტოს.

“ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პირველ მოადგილედ ალექსანდრე წულაძე დანიშნა.

ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
წულაძე უვადო მოსამართლედ 2019 წელს იქნა არჩეული. 2011-2012 წლებში ის იუსტიციის მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა, 2017-2019 წლებში იყო იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი.
კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, მოსამართლე არ შეიძლება ეწეოდეს რამე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button