ვაგნერის ძირითადი ნაწილი ქალაქ ბახმუტს დღეს დატოვებს დანარჩენები კი 5 ივნისამდე გამოვლენ
კადიროველები ვაგნერის დაჯგუფებას ჩაანაცვლებენ
დაქირავებულთა ჯგუფის ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, მისი ჯარისკაცების ძირითადი ნაწილი ქალაქ ბახმუტს დღეს დატოვებს, დანარჩენები კი 5 ივნისამდე გამოვლენ.
“დღეს ძირითადი ნაწილი გამოვა, დანარჩენები კი 5 ივნისამდე, როგორც ვგეგმავდით. ბახმუტში აღარ უნდა ვიყოთ. ახლა აქ განვთავსდებით, დავისვენებთ, გადამზადებას გავივლით და ა.შ.”, – თქვა პრიგოჟინმა.
პრიგოჟინმა ბახმუტის აღება 20 მაისს გამოაცხადა. უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად არ დაადასტურა ქალაქის ჩაბარება.
ბოლო თვეების განმავლობაში ბახმუტში აქტიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსები ქალაქზე თავდასხმებს აგრძელებენ, თუმცა უკრაინელები იერიშის მოგერიებას ახერხებენ.
ISW-ს ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტის რეგიონში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამასთან, ბოლო ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას არ შეუძლია ბახმუტის მიტოვება, რადგან ქალაქის აღება რუსეთის ჯარებს ფრონტის გაფართოებაში დაეხმარება.
2 მაისს, თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ თქვა, რომ რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში ბოლო 5 თვეში 20 000 სამხედრო დაკარგა.
უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალების გასვლის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა საბრძოლო მოქმედებების ზონაში დააბრუნოს ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის კონტროლქვეშ მყოფი დაჯგუფებები. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს.
კადიროვმა 31 მაისს განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ძალებმა ახალი ბრძანება მიიღეს და პასუხისმგებლობა აიღეს ფრონტის ხაზზე დონეცკის ოლქში. მისივე მტკიცებით, სპეცრაზმი „ახმატი“ და პოლკი „ჩრდილოეთ ახმატი“ გადაისროლეს მარინკის მიმართულებით და ქალაქ დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 31 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმმა „ახმატმა“ შეტევა განახორციელა მარინკის მიმართულებით.
კადიროვის მტკიცებით, მის კონტროლქვეშ მყოფ ძალებს დაევალა შეტევა ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებითაც. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, ჯერჯერობით არ არსებობს იმის არანაირი ნიშანი, რომ „კადიროველები“ ამ ორი მიმართულებით მოქმედებენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის ივლისიდან, ქალაქ ლისიჩანსკის აღების შემდეგ, „კადიროველები“ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში პრაქტიკულად, აღარ გამოჩენილან. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი ჩეჩენთა დაჯგუფებებს „ვაგნერელების“ შემცვლელად განიხილავს. ცნობები ფრონტზე „კადიროველების“დაბრუნების შესახებ გავრცელდა ბახმუტიდან „ვაგნერის“ გასვლის პროცესის დასრულებამდე, 1 ივნისამდე ერთი დღით ადრე.
ჩეჩნეთის მეთაურმა მაისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში 7 000 მებრძოლი ჰყავს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, თუ ეს სიმართლეა, „კადიროველები“ ვერ შეძლებენ რამდენიმე მიმართულებით წარმატებული შეტევის განხორციელებას. ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ “ვაგნერმა” ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლი დაამყარა. 22 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ “ვაგნერელები” ბახმუტს დატოვებენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში.