ვახო სანაიას საქმეზე დღეს სასამართლო იმსჯელებს
საქალაქო სასამრთლო დღეს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეს განიხილავს. უფლებადამცველებს იმედი აქვთ, რომ მოსამართლე საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გაიზიარებს.
ჟურნალისტზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირია დაკავებული, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარას ედავებიან.
ტელეწამყვანზე თავდასხმა თებერვალში მოხდა. ვახო სანაიას თქმით, 24 თებერვალს ღამით თავდამსხმელები მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც მას მანქანა ავარიული სიტუაციიდან ამოჰყავდა.
ტელეწამყვანმა ტვინის შერყევა მიიღო.
შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ, აშშ-ის საელჩომ. ჟურნალისტმა მასზე თავდასხმა თავისსავე ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირა.