მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაცია გენოციდად აღიარა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუციით განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით უკანონო დეპორტაციასა და მათ “რუსიფიკაციაში” გენოციდის ნიშნები იკვეთება.

რეზოლუციით ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების უსაფრთხოდ დაბრუნება, დამატებითი დეპორტაციების აღკვეთა და ყველა პასუხისმგებელი პირის გასამართლება მოითხოვა.

მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებული სირთულეების ფონზე უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 2023 წლის აპრილის მონაცემების მიხედვით, რუსეთში უკრაინიდან დეპორტირებული 19 384-ზე მეტი ბავშვი რჩება. ათასობით ბავშვის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია კი ჯერ კიდევ არაა ცნობილი.

რეზოლუციის მიხედვით, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია, “ცხადად იგეგმება და ორგანიზდება სისტემური გზით”, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი და მისი მიზანი “ბავშვების უკრაინული იდენტობის ყველა კავშირისა და მახასიათებლის გაქრობაა”.

ასამბლეამ განაცხადა, რომ რუსეთში უკრაინელი ბავშვების “რუსიფიკაცია” სხვადასხვა მეთოდით ხდება: რუსულ ენაზე განათლების მიცემით, კულტურისა და ისტორიის სწავლებით. რეზოლუციაში მოყვანილია მაგალითები, როცა ბავშვებს უკრძალავენ უკრაინულად საუბარს, ისინი ხდებიან პროპაგანდის მსხვერპლნი და მიჰყავთ “პატრიოტულ” ადგილებსა ან სამხედრო წვრთნებზე.

საპარლამენტო ასამბლეას მიმართა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამაც და გაიხსენა ზოგიერთი ბავშვის პირადი ისტორია, ვინც ლამის გაიტაცეს.

“ჰააგის სასამართლომ დაასახელა 2 ეჭვმიტანილი, მაგრამ სინამდვილეში ათასობით არიან, რადგან ეს არაა შემთხვევითი დანაშაული. ეს არის მთელი პოლიტიკა და რუსეთის მხრიდან გაცნობიერებული მექანიზმი იმისთვის, რომ გააუცხოონ ჩვენი ბავშვები, წაართვან მათ ოჯახები, სახელები, ენა, ფესვები” – განაცხადა ზელენსკამ.

ასამბლეამ გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდა, შეაგროვონ მონაცემები რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების შესახებ.

2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერთან ერთად ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე გასცა ორდერი.

საერთაშორისო სასამართლომ განმარტა, რომ რომის წესდების რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.

ასამბლეა რუსეთში უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას და მათ „რუსიფიკაციას“ გენოციდად განიხილავს და მოითხოვს ბავშვების დაბრუნებას და დამნაშავეთა დასჯას. 27 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ონლაინ მიმართა უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ. მისი განცხადებით, რუსეთი უკრაინელ ბავშვებს მიზანმიმართულად ართმევს ოჯახებს, სახელებს, ენას და ფესვებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს დელეგაციის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ​საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციაში იყვნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ირაკლი ჩიქოვანი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ხატია წილოსანი და გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.

2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button