მნიშვნელოვანისიახლეები

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე, პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე, პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურა დაკავებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. მიმალვა, მტკიცებულების განადგურება და დანაშაულის განმეორებით ჩადენა – ეს არის სამი მიზეზი, რის გამოც გამოძიება პატიმრობის გარდა სხვა ალტერნატივას არ ეთანხმება. პროცესს 9-ვე ბრალდებული ესწრება.

ყველა დუმილის უფლებას იყენებს და არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. თუმცა ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
პროკურატურა ცხრავე მათგანისთვის პატიმრობას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე აცხადებს, რომ არ არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, შესაბამისად მათი დაცვის ქვეშ მყოფების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

9 პირი შსს-მ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად გუშინ, 19 ოქტომბერს წაუყენა.

დაკავებულებს შორის არიან მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და კომპანია “გრინესრვის პლიუსის” დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე.

ბრალდებულთა ადვოკატების ერთი ნაწილი, მათი დაცვის ქვეშ მყოფების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე ითხოვს, ნაწილი კი მზად არის გირაო გადაიხადოს.

“ფურცვანიძის შემთხვევაში ზოგადად არც ერთი წინაპირობა არ არსებობს იმისათვის, რომ ზოგადად აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული. 5 დღის განმავლობაში ეს ადამიანი ცხადდებოდა ყოველ გამოძახებაზე მიდიოდა პოლიციაში და თანამშრომლობდა გამოძიებასთან,”- აცხადებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ცნობილია ბრალდების მხარის პოზიცია, პროკურორის თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ 9-ვე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დარჩეს.

ბრალდების მხარე 15 წუთის განმავლობაში ბრალის დადგენილებას აცნობდა სასამართლოს და ბრალდების მხარის საერთო პოზიცია არის ის, რომ თუ დაკავებულები სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ჯეროვნად შეასრულებდნენ, შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button