მნიშვნელოვანისიახლეები

ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა

ვაკის პარკში შადრევნის თითქმის 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით კომპანია “გრინსერვის პლიუს” აწარმოებდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევნების კასკადს ბოლო ინსპექტირება 29 აგვისტოს ჩაუტარდა. აღსანიშნავია რომ “გრინსერვისს” ჰყავდა ასევე კონტრაქტორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებასა და სუსტი დენებით უზრუნველყოფაზე.

ადგილზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც სიტუაციას სწავლობენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ პასუხისმგებლობაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა სამართლებრივი შედეგი დადგება.

“მოხდა საშინელი ტრაგედია, რაღა თქმა უნდა ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და ოჯახს. საკრებულოს ზედამხედველობა და ყველა ის ფუნქცია-მოვალეობა საკრებულოსი იქნება თუ ამა თუ იმ სამსახურის – ხორციელდება და ამას ვამბობ, რომ გამოძიება, თუ რა მოხდა, ამას ყველაფერს გასცემს პასუხს და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, სამართლებრივად რა შედეგიც იქნება დამდგარი, შეგვიძლია ვისაუბროთ პასუხისმგებლობას,” – განაცხადა ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნინო კვიტაიშვილის თქმით, კახა კალაძემ მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

“სწორედ მერიის, როგორც ინტერესში შედიოდა, ისე, ვალდებულება იყო, რომ მათ მოეკვლიათ, იყო თუ არა მზად ექსპლუატაციისთვის კონკრეტული ობიექტი. დღეს ისრების გადატანა შემსრულებელ კომპანიაზე აბსოლუტურად უადგილოა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, როგორ პიარულ ინტერესში შედიოდა გუშინ ამ შადრევნის გახსნა.

კახა კალაძე დღეს უნდა აკეთებდეს განცხადებას, რომ მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და გადადგა,” – თქვა კვიტაიშვილმა.
გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად კანონის ფარგლებში, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა.

კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“ და პროექტი შემოწმებული იყო.

„ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“, ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია, შემოწმებულია ეს პროექტი. დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისული.

რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კომპანია “გრინ სერვისის” დამფუძნებელი, ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა.

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე, პოლიციაში იკითხებიან მერიის თანამშრომლები.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“ და პროექტი შემოწმებული იყო.

მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა.

ზურაბიშვილი გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და მთელ საქართველოს უსამძიმრებს.

„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს. როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს.

გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.

“დატესტილიც იყო, დაექსპერტებულიც იყო, შესაბამისად რა მოხდა – გამოძიება დაადგენს. ახლა, ამ მომენტში არავინ იცის რამ გამოიწვია ეს. დიდი ხანია ეგ დატესტვის რეჟიმში არის. შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია, რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა ექსპლუატაციაშიც ვერ შევიდოდა ფიზიკურად. რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, შესაბამისად არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით აქამდე არ ყოფილა”, – თქვა გიგაშვილმა.

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.

“ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება,” – ნათქვამია განცხადებაში.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული 13 წლის გოგონას ოჯახს, სამძიმარს უცხადებს.

“ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში.

სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს.

ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები,”- წერს ირაკლი კობახიძე

ვიღაცის ან ვიღაცების გულგრილობას, უპასუხისმგებლობას ბავშვის სიცოცხლე შეეწირა – აიღონ პასუხისმგებლობა, დანარჩენს სხვა დროს ვიტყვი, ახლა გლოვის დროა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძე იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამის პირებს ეყოფათ გამბედაობა საზოგადოებას მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია გამოძიების და მომხდარის შესახებ.

„დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ვიღაცის ან ვიღაცების გულგრილობას, უპასუხისმგებლობას ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ვუსამძიმრებ ოჯახს.

ყველანაირი პოლიტიკური განცხადება უადგილო და ზედმეტია, იმედია შესაბამის პირებს ეყოფათ გამბედაობა საზოგადოებას მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია გამოძიების და მომხდარის შესახებ. აიღონ პასუხისმგებლობა… დანარჩენს სხვა დროს ვიტყვი, ახლა გლოვის დროა“,- წერს ხაზარაძე.
„ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მოუწოდებს, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის გამო აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგეს.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ფაქტი არაპროფესიონალურად ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება.

„არ არსებობს სიტყვები, რამაც შეიძლება, დაამშვიდოს მშობლები იმ ახალგაზრდა გოგონასი, რომელიც შეეწირა არაპროფესიონალიზმს, შეეწირა იმას, რომ ვაკის პარკის ეგრეთ წოდებული მიმდინარე რეკონსტრუქცია, რომელზეც დაიხარჯა 33 მილიონ ლარზე მეტი და ამხელა პომპეზურობით გახსნა გუშინ ჩვენმა მერმა, თურმე მოუმზადებელი იყო.

ეს არის ზუსტად ნეპოტიზმი, რადგან ტენდერებს იგებენ კომპანიები, რომლებიც შემწირველები არიან ამ ეგრეთ წოდებული მმართველი პარტიის. ეს არის დიდი ტრაგედია. ბავშვი იმიტომ კი არ დაიღუპა, რომ ავად იყო, არამედ იმიტომ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა არ ვარგა, არ იციან, რას აკეთებენ, მუშაობენ არაპროფესიონალები ყველა მიმართულებით. ახლა გამოდიან და ისეთი რაღაც მოვისმინე, რაც სრულად მიუღებელია – მშობელი რატომ არ ახლდაო. არ გრცხვენიათ? ჩაბარებულ ობიექტზე, აუზზე, შადრევანზე რატომ უნდა ახლდეს 13 წლის ბავშვს მშობელი დასასვენებლ პარკში.

რა არის მმართველობა ქვეყნის – ეს არის პასუხისმგებლობა, რა არის ევროპელობა, არის პასუხისმგებლობა. ყველა ნორმალურ და ევროპულ ქვეყანაში ესეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობას კი არ გადააბრალებენ როგორც ახლა მოხვდება ელექტრიკოსს ან ვიღაც ხელოსანს, არამედ ქალაქის თავი აიღებდა თავის თავზე და გადადგებოდა.

ჩვენ მოვისმენთ უამრავ გამართლებას, იპოვიან მეისრეს და მას დააბრალებენ. ამ ტრაგედიისგან არავინ არის დაზღვეული. კიდევ სად, როგორ და რას გააკეთებენ და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება, შეეწიროს ჩვენი ქალაქის ამ არაპროფესიონალ მმართველობას? ოდნავ თავმოყვარეობა თუ აქვს ჩვენი ქალაქის მთავრობას, ჩვენი ქალაქის მერს, ის უნდა გადადგეს. უნდა გადადგეს და მთელი მთავრობაც გადადგეს. თანამედროვე სისტემები გულისხმობს იმას, რომ თუ რაღაც ხარვეზია, ავტომატურად ითიშება. ესეც არ არის გაკეთებული. საბჭოთა კავშირშიც არ ვართ, იმის იქით ვართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ქალაქის მერი თავის მთავრობასთან ერთად უნდა გადადგეს“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” იმყოფებიან ვაკის პარკში დაზარალებული მოზარდის კლასელები და მშობლები. მათი ცნობით, 13 წლის მოზარდთან ოჯახის წევრები უკვე შეიყვანეს და ბავშვი აჩვენეს.

მათივე თქმით, მეორე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის კლინიკაშია, შედარებით სტაბილურია და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მშობლები ამბობენ, რომ მათ იცოდნენ, რომ კლასის დამრიგებელმა ბავშვების სკოლაში არყოფნის შესახებ საერთო მიმოწერაში შეატყობინა.

“დამრიგებლის მხრიდან ინფორმირებულები ვიყავით, როგორც კი ბავშვები არ გამოცხადნენ სკოლაში, ეგრევე დამრიგებელმა საერთო ჩატში მიგვწერა ყველას, ყველანი ვიყავით ინფორმირებულები და ვცდილობდით ჩვენს შვილებთან დაკავშირებას. ზოგმა გვიპასუხა და გვითხრა, რომ ვაკის პარკში არიან და ერთობიან და არაფერი არ იყო საშიში” ,- ამბობს მშობელი, ეკატერინე მაქაცარია.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მსგავსი პოსტები

Back to top button