ვანო მერაბიშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას ვალერი გელაშვილის ცემის საქმესთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ჩივიაშვილის განცხადებით , ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ყველა სამართლებრივ პროცედურას დაიცავენ და შესაბამისად, განაჩენს გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში.

”არც ამ ინსტანციაში გვქონია რაიმე მოლოდინი. ჩვენ საერთო სასამართლოებს დიდი ხანია უნდობლობა გამოვუცხადეთ. ყველაზე მთავარი ჩვენთვის არა ეს განაჩენი, არამედ ის არის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილი ცნო როგორც პოლიტიკური პატიმარი. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია. ხელისუფლება, ბუნებრივია, ყველანაირად ცდილობს გადაფაროს ყველაფერი ამგვარი განაჩენებით, ახალი ბრალდებით. ეს არ არის ახალი.

4 წელია გრძელდება და ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, მაგრამ მერწმუნეთ, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება იძულებული იქნება სტრასბურგიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე აღიაროს, რომ ვანო მერაბიშვილის სახით პოლიტიკური პატიმარი ჰყავს”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში მხოლოდ 2 ადამიანი იყო, ვინც უშუალოდ ვანო მერაბიშვილს ახსენებდა – ეს იყო ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.

”ირაკლი ოქრუაშვილიც და ნინო ბურჯანაძეც საჯაროდ აცხადებდნენ, რომ არ გაუშვებდნენ შანსს ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებზე შური ეძიათ”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა. სასამართლომ სამივე ბრალდებული – შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ სცნო.

მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების აკრძალვა შეეფარდა 2 წლით და 3 თვით. კოდუას და სირაძეს კი 9-9 წლიანი პატიმრობა და ასევე 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button