ბერლინის კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე დაიდგა

თბილისში, ევროპის მოედანზე, დაიდგა ბერლინის კედლის ფრაგმენტი, რომელიც საქართველო-გერმანიის მეგობრული ურთიერთობის ნიშნად, საჩუქრად გადასცეს გერმანიაში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს.
„როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ყოფდა ორად, საქართველოშიც ასევე მშვიდობიანად დაინგრევა ბოროტების კედელი“, – განაცხადა ევროპის მოედანზე გამართულ ცერემონიაზე გიორგი კვირიკაშვილმა.
გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ აღნიშნა, რომ 9 ნოემბერი გერმანიის კედლის დაცემის დღეა. 2017 წელი გამოცხადებულია საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წლად, რითაც აღინიშნება საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლის მე-200 წლისთავი, ისევე როგორც საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავი.