ავტორი: მერაბ მერკვილაძე
თამუნა:
„მე პირადად, მყავს გოგონა, – შვილი და არ ვაპირებ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების დაჟინებული მოთხოვნაა.“
ჩვენი რესპონდენტი თამუნა გვიყვება, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ აფრიკის ქვეყნებში დემოგრაფიულ ვითარებაზე იქონია გავლენა და შვილოსნობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეამცირა. შესაბამისად, მიუხედავად პედიატრის დაჟინებული თხოვნისა, იგი შვილის აღნიშნული პრეპარატით აცრას არ აპირებს.
თამუნა:
„მაქვს ინფორმაცია… და საკმაოდ გამოკვლეული და დაზუსტებული, რომ ეს ვაქცინა როცა გამოიცადა აფრიკის რესპუბლიკაში… კონტინენტზე, თაობებმა გაიარეს და მათ შვილოსნობაში ძალიან დაბალი პროცენტი მიიღეს ამ ვაქცინის შედეგად.“
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებია კიდევ ერთი ჯგუფი პრეპარატებისა, რომელსაც თამუნა ეჭვით უყურებს და რომლით აცრას საჭიროდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, აქვს მოძიებული სარწმუნო ცნობები, რომლის მიხედვითაც, ახალშექმნილი ვაქცინის გამოსაცდელი პერიოდი 5-7 წელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით სკეპტიკურად იყო და არის განწყობილი „ფაიზერის“ მიმართ. თამუნას თქმით, აღნიშნულმა ვაქცინამ მისი ოჯახის წევრში უკუჩვენებები გამოიწვია.
თამუნა:
„ფაიზერის“ მიმართ… თვითონ ამ ვაქცინის მწარმოებლის მიმართ, ამერიკაში არის მსოფლიო ჯანდაცვის მხრიდან… სასამართლო პროცესები მიმდინარეობს… ანუ ამ ფარმაცევტულ ბიზნესში აფიორის შესახებ. ბავშვისთვის არ ამიცრია იმიტომ, რომ არც შეხვედრია და არც ავიცერით. მხოლოდ მამა, რომელიც არის 84 წლის… და ჩივის ამ აცრის შემდეგ, რომ მას სმენა და მხედველობა დაუქვეითდა.“
მედიცინის დოქტორი, მოზრდილთა ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი-ინფექციონისტი მაია გიგაური ამბობს, რომ რისკისგან აბსოლუტურად დამზღვევი არც აცრაა. მაგრამ რისკი გაცილებით მაღალია იმ შემთხვევაში, როცა ვაქცინას არ ვიკეთებთ. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნის შემდეგ, მედიცინა 5 წელი ვერ დაელოდებოდა მათ ტესტირებას მაშინ, როცა ირგვლივ უამრავი ადამიანი იღუპებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ უკუჩვენებებს, რაც ჩვენი პირველი რესპონდენტის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გაუარესებაში გამოიხატა, მაია გიგაურის თქმით, მსგავს გვერდით მოვლენას აცრა მისი გაკეთების მომენტშივე გამოიწვევდა და დაავადება სულ სხვა კლინიკით განვითარდებოდა.
მაია გიგაური:
„აქ რისკები უნდა დავალაგოთ. რომელი უფრო მეტ გართულებას იძლევა: აცრა თუ აცრის გარეშე ამ დაავადების მიმდინარეობა? თვითონ დაავადების მიმდინარეობით, რამდენიც გინდა, იმდენი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ 5-6 წელს ვერ დაველოდებოდით, რომ ეს აცრები არ ჩატარებულიყო. აცრას არ შეუძლია მხედველობის… თუ გამოიწვევდა, მაშინვე, იმ მომენტში და სულ სხვა კლინიკით წავიდოდა.“
მაია გიგაური პაპილომა ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებსაც პასუხობს და ამბობს, რომ აღნიშნული დაავადების აცრა გოგონებს გინეკოლოგიური სფეროს ონკოლოგიური პათოლოგიებისგან აზღვევს. გვერდითი მოვლენები კი, საერთოდ თუ გამოვლინდა, პაპილომა ვირუსს გაცილებით უფრო მავნე ზეგავლენა ექნება შვილოსნობაზეც და ზოგადად, ორგანიზმზეც, ვიდრე მისგან დამზღვევი აცრით გამოწვეულ უკუჩვენებებს.
მაია გიგაური:
„პირიქით, პაპილომა ვირუსზე აცრები იმიტომ არის მიზანმიმართული და იმიტომ ტარდება, რომ ავიცილოთ თავიდან ისეთი გართულებები, რასაც გინეკოლოგიური სფეროს ონკოლოგიური პათოლოგიები ჰქვია. გვერდითი მოვლენები… არავინ არაფრისგან არის დაცული, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა. პაპილომა ვირუსს უფრო მეტი შეუძლია გამოიწვიოს შვილოსნობაზეც და ორგანიზმზეც, ინფექციის განვითარების თვალთახედვით.“
მცირე გამოკითხვამ, რაც ქუჩაში ჩავატარეთ, აცრებისადმი მოსახლეობის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოავლინა. რესპონდენტთა პასუხებში, ვაქცინებისადმი ნდობას, ეჭვი ან კატეგორიული პროტესტი ენაცვლებოდა, რომელიც რიგ შემთხვევაში, უცნაური არგუმენტებით იყო გამყარებული.
მოქალაქეები:
„ერთი პრობლემა აქვს მაგას კაცების უმრავლესობაში. ვაქცინაში არის გაერთიანებული 50 ვირუსი. და პრინციპში, ადამიანი იწამლება. მე გავიკეთე უცხოეთში, ყველაზე ვითომ ხარისხიანი და ძალიან დავაშავე, მივქარე. მე სადღაც მივდიოდი და ამის გამი გავიკეთე იმიტომ, რომ არ გამიშვებდნენ საზღვარზე. თორემ როგორ გავიკეთებდი. 58 წლის კაცი ვარ და 20 წლის ჯანმრთელობა მაქვს სექსუალური. და შემიმცირა, მაგრამ მაინც ვაწვები მაგრად. საზიზღრობაა, არ უნდა გაეკეთებინათ…“
„მე ანტივაცინისტი ვარ.“
„ჩვენს შემთხვევაში, არ მოჰყოლია [გართულება], გავიკეთეთ. არაფერი ისეთი… ძაან სერიოზული არ მოჰყოლია. კმაყოფილი რამდენად ვარ, არ ვიცი იმიტომ, რომ უკუჩვენებას ჩვენ ხომ ვერ ვგრძნობთ, არა? იძულებულნი ვიყავით და გავიკეთეთ.“
„არ გავიკეთე და არც გავიკეთებ არასდროს. და არც ერთ აცრას არ გავიკეთებ. იმიტომ, რომ სულ უაზრობაა მაგარი, რა. ტყუილია, ხალხის მოტყუება. ბევრი გულით დაავადდა, ბევრს ოპერაცია გაუკეთეს… ეს, რაც ვიცი მე ნაღდი.“
„გართულება არ მოჰყოლია.“
„არ გავიკეთე. მეშინოდა გართულებების.“
როცა საზოგადოებაში ამდენი ეჭვი არსებობს, სახელმწიფომ უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს მოსახლეობის ინფორმირებისთვის. “მიიღე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე სანდო ინფორმაცია“ – გვაუწყებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი. თუმცა, შესაბამისი ბმულის გახსნის შემდეგ აღმოჩნდება, რომ „სანდო ინფორმაცია“ ბოლოს, 2022 წლის 6 აპრილს განახლებულა. ხოლო ბმული „ხშირად დასმული კითხვები“, დაცლილია ყოველგვარი კითხვისა და პასუხისგან. სამაგიეროდ, მოქალაქეების ცნობისმოყვარეობას სხვა საიტები აკმაყოფილებს. მაგალითად, ერთ-ერთი ფეისბუქ-გვერდი, რომელსაც 5 300 მოწონება აქვს და 6 100 გამომწერი ჰყავს, დაბეჯითებით ირწმუნება, რომ კონკრეტული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობის გაუარესების ან ლეტალური შედეგის გამოწვევია.