ვაქცინაცია 46,405 საქართველოს მოაქლაქეს სურს
ამ დროის მონაცემებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია (12:00) 46,405 ადამიანს აქვს გავლილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი რეგისტრაციის მიზანი კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის სწრაფად და დაუყოვნებლივ მიღებაა.
“ასევე, გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას”, — აცხადებენ უწყებაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია ივლისის შემდეგ დაიწყება.
“არის, დიახ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველა ინდიკატორის გაუარესების ტენდენცია და ეს, პრინციპში, პროგნოზირებადი იყო, როცა ქვეყანაში შეზღუდვების დიდი შემსუბუქებები განხორციელდა. მაგრამ, მესამე ტალღის პრევენციისათვის უფრო მნიშვნელოვანია პირბადის ტარების, დისტანციის მაჩვენებლის, ჰიგიენის და რაც მთავარია, დიდი შეკრებების პრევენცია.
რა თქმა უნდა, ვაქცინაციას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ობიექტური, რომ მარტში, აპრილში და მაისში იმდენ რაოდენობას ვერ ავცრით, იმიტომ, რომ ძირითადი, მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში იქნება, დიდი ალბათობით, ივლისის შემდეგ, რომელმაც შეიძლება მესამე ტალღა აგვარიდოს”,- თქვა მან.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თვის ბოლოს საქართველოში AstraZeneca-ს 50 ათასამდე დამატებითი დოზა შემოვა. ტიკარაძემ აღნიშნა ისიც, რომ ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე აღნიშნული ვაქცინა გამოკითხვით მესამე ადგილს იკავებს, რაც “AstraZeneca-სთან მიმართებაში სახელმწიფოს სწორ გადაწყვეტილებას მიუთითებს”.
“ჩვენ ვაკვირდებით, რომ მესამე ადგილზე [წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე] არის AstraZeneca, რაც მიუთითებს სახელმწიფოს სწორ გადაწყვტილებას AstraZeneca-სთან მიმართებაში. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ თვის ბოლოს შემოვა შემდეგი მოცულობა საქართველოში, ეს იქნება 50 ათასამდე AstraZeneca-ს დოზა.
შემდეგი დოზა შემოვა მაისში. ეს გადაწყვეტილება მიიღო Covax-ის პლატფორმამ, გამომდინარე იქედან, რომ თითოეულ ვაქცინას აქვს საკმაოდ მოკლევარგისიანობის ვადა და მნიშვნელოვანი არის, რომ ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს ქვეყანაში”, – თქვა მან.
მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, ხოლო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეები 25 მარტიდან ჩაერთვნენ. 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 2 აპრილიდან გახდა შესაძლებელი.
Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს ჩამოიტანეს. ხოლო ჩინური ვაქცინა სინოფარმი ქვეყანამ 3 აპრილს მიიღო.
გარდა ამისა, 8 აპრილს ექსპერტების საბჭომ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით ვაქცინაციის პროგრამა მხოლოდ 55 წლის ზემოთ პირებისთვის გაგრძელდება.