უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ ოკუპანტებს

უკრაინის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში მოიგერიეს რუსეთის არმიის რამდენიმე შეტევა, ცენტრალურ და სამხრეთ უკრაინაში მოსკოვი განაგრძობს თავდასხმებს სამოქალაქო დასახლებებზე და მიზანში იღებს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, იუწყება უკრაინის არმია 30 ნოემბერს. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშეა დარჩენილი ზამთრის წინ.
აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განხორციელებულ დაბომბვას, წერს რეგიონის გუბერნატორი პავლო კირილენკო ტელეგრამით 30 ნოემბერს.
ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთის რაკეტები მოხვდა გაზის დისტრიბუციის ობიექტს, აღნიშნავს რეგიონის გუბერნატორი ოლექსანდრ სტარუხი.
უკრაინის გენერალური შტაბი 30 ნოემბერს აცხადებს, რომ მისმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერიეს რუსეთის ექვსი შეტევა ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 5 დასახლებულ პუნქტთან.. უკრაინის არმიის ცნობით, რუსეთის ძალები განაგრძობენ თავდასხმებს ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებით, ტანკების და საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით.
ოქტომბრის შემდეგ რუსეთმა მრავალი შეტევა განახორციელა უკრაინის ელექტროენერგიის და გათბობის ინფრასტრუქტურაზე, რასაც კიევი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ სამოქალაქო პირებისთვის ზიანის მიყენების გამიზნულ აქტად, რაც ომის დანაშაულს უტოლდება.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ობიექტებზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის და დონეცკის ოლქებში და თავდაცვის ძალების პოზიციებზე მიიტანეს 47 საავიაციო იერიში და 35 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე განაგრძობს საარტილერიო შეტევას უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, მათ შორის ქალაქ ხერსონში.
უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 15 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე, 2 დარტყმა – საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე და ჩამოაგდო 3 უპილოტო საფრენი აპარატი.