ვაშაძე და ბურჭულაძე ერთ საარჩევნო ბლოკში რჩებიან

გიორგი ვაშაძის მოძრაობა ”ახალი საქართველო” საარჩევნო ბლოკში ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ვაშაძემ და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

ჩემთვის ერთი რამ არის მთავარი – დღეს ვარ აქ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ძალა, რომელიც იბრძვის გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ ”ერთიანი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბლოკში ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” დარჩენის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ბლოკში მისთვის ბევრი საკითხი მოულოდნელი იყო და ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი ჭირდებოდა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ერთიანობა და ერთიანი ძალებით ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში იყოს პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება.

”ვფიქრობ, რომ გუნდს, რომელიც შეკრულია ჩვენს გაერთიანებაში, კონკრეტული გეგმა, ხედვა და სტრატეგია აქვს, თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა. დღის მანძილზე გვქონდა საუბარი ამ თემებზე და მივიღე გადაწყვეტილება ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას საარჩევნო ბლოკის სახით ამ არჩევნებში და ვაპირებთ, რომ ძალიან მაგარი შედეგი დავდოთ”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ბრიფინგამდე ვაშაძესა და ბურჭულაძეს შორის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში კონსულტაციებიც გაიმართა. ბლოკის შემადგენლობაში ასევე რჩება ”ახალი მემარჯვენეები”.

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩმა“ დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით , მან “გირჩს” ბლოკი პირადად დაატოვებინა. როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ “გირჩის” დაფინანსება გახდა.

ბურჭულაძის თქმით, მას არ სურს იყოს არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი.

“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ “გირჩი” ამოვიღო სიიდან. ორი საათის წინ დადასტურებულად გავიგე, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. მე ამას ვერ მივიღებ. ეს არის მიზეზი. მე ვერც სააკაშვილისგან მივიღებ თანხას”, – განაცხადა ,,მოძრაობა ხალხისთვის“ პაატა ბურჭულაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button