ვაშინგტონის ძეგლს “მონათმფლობელი” დააწერეს
აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში მდებარე ჯორჯ ვაშინგტონის ქანდაკებას “მონათმფლობელი” დააწერეს. ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი ძეგლის აღებას ითხოვს, ნაწილს კი, ისტორიული მონუმენტის აღება დაუშვებლად მიაჩნია.
ქანდაკებაზე ასევე გააკეთეს წარწერა: “დაწვით თეთრი სახლი”. საღებავები გადაასხეს ქალაქში მდებარე კრისტოფერ კოლუმბის ძეგლსაც.
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ აშშ-ის პირველ პრეზიდენტს მონები ჰყავდა, თუმცა ხშირად საუბრობდა მონათმფლობლობის პრაქტიკის დასრულებაზე, სიკვდილის წინ კი, 300-მდე მონა გაათავისუფლა. ის აშშ-ის დამფუძნებლებს და მთავარსარდლებს შორის ერთადერთი იყო, რომელმაც საკუთარი მონები გაათავისუფლა.
აშშ-ში ძეგლების აღების მოთხოვნით გამოსვლები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქალაქ მიენაპოლისში პოლიციის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში მოითხოვდნენ რობერტ ლის ძეგლის მოხსნას, რომელიც სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერალი იყო, თუმცა მოსამართლემ ძეგლის აღება დაბლოკა. რიჩმონდში მომიტინგეებმა ბირდის პარკში მდგარი ქრისტოფერ კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ტბაში ჩააგდეს.
აშშ-ში ასევე ითხოვენ სახელების შეცვლას იმ სამხედრო ბაზებისათვის, რომლებსაც კონფედერაციული შტატების გენერლების სახელები ჰქვია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ამას არც კი განიხილავს.
ძეგლების აღების მოთხოვნით, ევროპის ქვეყნებშიც გამოვიდნენ. დიდ ბრიტანეთში ედვარდ კოლსტონის ძეგლი ჩამოაგდეს. ოქსფორდის უნივერსიტეტში კი, სესილ როდსის ძეგლის აღებას ითხოვენ. პარლამენტის მოედანზე მდგარი ჩერჩილის ძეგლს დამცავი ბარიერი გაუკეთეს, რადგან აქციის მონაწილეებმა მას დააწერეს: “ის რასისტი იყო”. ქალაქ ლესტერში მაჰათმა განდის ძეგლის აღებას ითხოვენ.