ვაშლოვანის ნაკრძალს ევროპული დიპლომი მიენიჭა

ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი გადაეცა.
ევროპის საბჭოს განათლებაზე, კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდობასა და გარემოს დაცვაზე მომხსენებლი ჯგუფის მიერ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისთვის ევროპული დიპლომის გადაცემის შესახებ.
მსგავსი დიპლომი 5 წლის ვადით გადაეცემა ევროპაში დაცულ ტერიტორიებს, რომლებიც გამოირჩევიან სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულებების თვალსაზრისით და წარმოადგენენ ბუნების საუკეთესო კონსერვაციის მაგალითს.
ევროპული დიპლომი, ევროპული გამოცდილების მიღებასთან ერთად, ხელს შეუწყობს საქართველოში ნაკრძალების დაცულობის ხარისხის მატებას, მათ საერთაშორისო დონეზე აღიარებასა და პოპულარიზაციას. ევროკავშირის ექსპერტებმა შეისწავლეს ვაშლოვანის ტერიტორია. მათი ანგარიშის მიხედვით, იგეგმება პროექტი, რომელიც გულისხმობს საძოვრების მართვის გეგმის შემუშავებას, რათა არ მოხდეს დაცული ტერიტორიების გაუდაბნოება.
ევროპული დიპლომი ევროპული ქვეყნების სულ 73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული. დიპლომის გადაცემის ცერემონია კი ივლისის ბოლოს, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში იგეგმება.
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი — კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე,საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-შია. ნაკრძალად 1935 წელს გამოცხადდა. საერთო ფართობია 10,143 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.
ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული,ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) დაძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვიდა მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.
ნაკრძალში დღემდე შემორჩენილია შემდეგი ისტორიული ძეგლები:V საუკუნის ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი;V საუკუნის წმინდა ელიას მთის ნამონასტრალი;XII საუკუნის ოზაანის ამაღლების ტაძარი;IXX საუკუნის საროველის სახელობის ტაძარი;ჩვ. წ. თ. აღრიცხვამდე XV საუკუნის ნაქალაქარი კამბისენა.