ვაჟა სირაძე რომელიც ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის მიერ არის სანქცირებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ვაჟა სირაძე, – რომელიც ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის მიერ არის სანქცირებული, – აღარ იკავებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს.
ვაჟა სირაძე ამ პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა. შსს-ის ვებგვერდზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვაჟა სირაძის ნაცვლად ლევან მაისურაძეა მითითებული
ინფორმაცია განახლდება
ლევან მაისურაძე წარსულში აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.
რაც შეეხება ვაჟა სირაძეს, ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.
ეს მორიგი საკადრო ცვლილებაა „ქართული ოცნების“ მთავრობასა და სამთავრობო უწყებებში მაღალ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს შორის.
ვაჟა სირაძის ყოფილი უფროსი, მინისტრი ვახტანგ გომელაური 28 მაისს გადადგა თანამდებობიდან. ის გეკა (გელა) გელაძემ ჩაანაცვლა.
ვაჟა სირაძისათვის სავიზო სანქციები აქვთ დაწესებული ჩეხეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს. გომელაური აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო.
2025 წლის გაზაფხულიდან ცვლილებებია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში:
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დასახელდა და 7 აპრილს დაამტკიცეს კიდეც. მან თორნიკე რიჟვაძე შეცვალა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა – ლაშა გოგნიაშვილი, მანამდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.
4 აპრილს გაირკვა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა გრიგოლ ბესელიამ [“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და რედაქტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა].
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსი გიორგი ბუხრაშვილი გახდა – მანამდე ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს მას სამცხე-ჯავახეთში.
აპრილის დასაწყისში არათუ მხოლოდ გამოიცვალა, არამედ პოსტის გარეშე დარჩა სუს-ის აწ ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც 2019 წლიდან იყო პოსტზე.