ველისციხეში ეპიდემიოლოგები კვლევას იწყებენ

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევაზე ეპიდემიოლოგები სოფელ ველისციხეში კვლევას იწყებენ.
„ინფექცია შუახნის ქალს 9 სექტემბერს დაუდასტურდა. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში მკურნალობდა. ეპიდემიოლოგები ველისციხეში კვლევას იწყებენ წყაროს და კონტაქტების დასადგენად. დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.
რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში თბილისიდან ჩასული ექიმის 19 კონტაქტს, ჩატარებულმა კვლევამ ვირუსის შემთხვევა არცერთ მათგანს არ გამოუვლინა.
შეგახსენებთ, თბილისიდან ჩასულ ექიმს კორონავირუსი 8 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით დაუდასტურდა.