ვენეციის კომისიამ დაადასტურა “ხალხის ძალის” კანონპროექტების მიღება
ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით

ვენეციის კომისიამ დაადასტურა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტების – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და “უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ” მიღება. ამის შესახებ ინფორმაცია ვენეციის კომისიის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„2023 წლის 8 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას თხოვნით მიმართა, განიხილოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ კანონპროექტი“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადების თხოვნით მიმართა.
ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით – ამის შესახებ დღეს, 8 მარტს, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ.
“საქართველოსთვის, რომელიც ნატოს ასპირანტი ქვეყანაა, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და არ შეესაბამება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს” – წერს კოლომინა.
გუშინ, 7 მარტს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), “უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები – აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.
კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.