მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ევროკავშირის მისია საქართველოდან კორონავირუსს გვივრცელებს”

20 მაისს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ გამყოფ ხაზთან უკანონოდ მოძრაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. სააგენტო ,,რესის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებისგან ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ.

ცხინვალის ,,კგბ” შიშობს, რომ აღნიშნული მანქანით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელებას ცდილობენ. უფრო მეტიც, ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვარაუდით, ევროკავშირის მისიის ოფიცრების თანხლებით, Private-ის ავტომანქანების საზღვარზე გამოჩენა პირდაპირ უკავშირდება ქართული მხარის გეგმას, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეაგროვოს ბიოლოგიური ნიმუშები.

,,ამასთან დაკავშირებით, ძირითად საგარეო საფრთხეს წარმოადგენს საქართველოდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ინფექციის გავრცელება”. – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. უწყება “სამხრეთ ოსეთის” მცხოვრებთ მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ, სამოქალაქო თვითშეგნება გამოიჩინონ და არ დათანხმდნენ ქართული მხარის წინადადებებს, სამედიცინო კვლევებში მონაწილეობის შესახებ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიაში საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ გამოქვეყნებულმა ცნობებმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედება არაზუსტად და სრულიად მცდარად ასახა. ასე ეხმაურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ,,რესში” გამოქვეყნებულ სტატიას. მისიის განცხადებით, საქმე 26 აპრილს მომხდარ ფაქტს ეხება.

ევროკავშირის სადამკვირველო მისია აღნიშულ სტატიას განიხილავს, როგორც მისიის წინააღმდეგ მიმართულ, გამიზნული და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის კიდევ ერთ მაგალითს:

,,სასწრაფო დახმარების მანქანები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულებს თან ახლავს მისიის დაარსების დღიდან. ისინი წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა. ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რომ ისინი თან ახლდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათ სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად, ავტო საგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოშორებით არსებულ ადგილებში, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულია”. – აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

მისიის წარმომადგენლები კატეგორიულად განმარტავენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა მკვეთრად ხილვადი იყო. საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა.

“პატრულირება ჩატარდა გეგმის მიხედვით. არც ერთ მოქალაქესთან არავითარი კონტაქტი არ შემდგარა. არანაირი ნიმუშების შეგროვება არ მომხდარა და ამის განზრახვაც არ არსებობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სადამკვირვებლო მისია, იგი ყოველდღიურად აწარმოებს დაკვირვებას, მათ შორის, COVID პანდემიის დროს. ყველა მხარემ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა, იციან ეს ფაქტები, რომლებიც მათ აუხსნეს ცხელი ხაზის მეშვეობით 26 და 27 აპრილს და ადრეც, მრავალი წლის განმავლობაში, მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ჯერ კიდევ 2014 წელს.

,,საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურად აკვირდება ვითარებას ადგილზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ჩვენი მისია მუდმივად პატრულირებს მიმდინარე პანდემიის დროს. ჩვენი მიდგომა არის სრულად მიუკერძოებელი”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button