ვერცხლი და ბრინჯაო აფრიკიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2016 წლის სეზონი ტუნისში გამართული აფრიკის ღია ტურნირით გახსნა. გუნდის მწვრთვნელებმა განაცხადში მხოლოდ პრობლემატურ წონით კატეგორიებში: 66 და 100 კილოგრამებში მოჭიდავე სამ-სამი ძიუდოისტი შეიყვანეს და საბოლოოდ პოდიუმზე ორი მათგანი ავიდა.

გურამ თუშიშვილს ჩემპიონობამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ახალგაზრდებს შორის ევროპის 2-გზის ჩემპიონი აფრიკულ ტატამზე ამერიკელი აიაქს ტადეჰარას, აზერბაიჯანელი ფირუდინ დადაშოვისა და იტალიელი ვინჩენცო დარკოს იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, გადამწყვეტ ბრძოლაში ესტონელ გრიგორი მინაშკინთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალთან ერთად 60 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა.

ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაო და 40 ქულა იკმარა. ძირითად ბადეში გამოსვლა მან მეოთხედფინალში ფრანგ კილიან ლე ბლუშთან წაგებით დაასრულა. იქამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე კუკუ როდრიგესისა და საუდის არაბეთის ნაკრების წევრ ჰამად სულეიმანის ძლევა მოასწრო. ბრინჯაოს გზაზე კი თანაგუნდელი ბექა შავდათუაშვილი და აზერბაიჯანელი ტელმან ვალიევი ჩამოიშორა.

მსგავსი პოსტები

Back to top button