
საფეხბურთო კლუბი „ბორუსია დორტმუნდის“ სტადიონი ვესტფალიენშტადიონი კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდება. ამის შესახებ ნათქვამია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.
„შაბათიდან „სიგნალ იდუნა პარკის“ ჩრდილოეთ ტრიბუნა მზად იქნება მოემსახუროს პაციენტებს, რომლებსაც შესაძლოა კორონავირუსი აქვთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კლუბის მმართველი დირექტორების, ჰანს-იოახიმ ვატზკესა და კარსტენ კრამერის განცხადებით, ეს იდეალური ადგილია იმისათვის, რომ აქტიურად დაეხმარონ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1129-ს მიაღწია, 86 667 კი დაინფიცირებულია. ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ბავარიის მხარესა და ასევე, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაშია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ დაასახელა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.