მნიშვნელოვანისიახლეები

ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან შესაძლოა, უვადო მოსამართლის გათავისუფლებას ითვალისწინებდეს-კობახიძე

ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს. „ვეტინგი“ გულისხმობს იმას, რომ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმება და ამას მოყვება, უნდა მოჰყვეს უკვე კონკრეტული შედეგები, მათ შორის ეს შედეგი შეიძლება, იყოს მაგალითად, უვადოდ გამწესებული მოსამართლის გათავისუფლება და ა.შ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ზოგადი მიდგომა ვეტინგთან დაკავშირებით არის ის, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, ე.წ. ვეტინგის სისტემა არაკონსტიტუციურია.

„სწორედ იმიტომ არის ეს პროცედურა არაკონსტიტუციური, რომ ის შეიძლება ითვალისწინებდეს უვადოდ გამწესებული მოსამართლის გათავისუფლებას და ან რამე მსგავსი ზომების მიღებას მის მიმართ, რაც არის არაკონსტიტუციური. ჩვენ გვყავს უვადოდ გამწესებული მოსამართლეები, მათ ვერავინ შეეხება, ვიდრე ისინი არ ამოწურავენ საკუთარ ასაკობრივ ზღვარს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის თანამდებობის უვადოობის პრინციპს არის წინააღმდეგობაში არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდისთვის პირველ ადგილზეა საქართველოს კონსტიტუცია.

„ჩვენთვის პირველ საფეხურზე დგას საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური პრინციპები, შემდეგ რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მივიღოთ. გარდა ამისა, რეკომენდაცია უნდა იყოს რაციონალური, ის უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ არგუმენტებს. ზოგადი მიდგომა „ვეტინგთან“ დაკავშირებით არის ის, რომ ის შეიძლება, გამოყენებული იქნას უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით. არათუ სისტემურ პრობლემებზე ვერ საუბრობს ვერავინ, არამედ ჩვენ ვითხოვთ ერთი კონკრეტული ქეისის წარმოდგენა ადამიანებს, რომელიც დაადასტურებდა სასამართლოში სერიოზული პრობლემის არსებობას. ვერ წარმოადგინეს ვერცერთი ასეთი საქმე. უფრო მეტიც, თქვენ გახსოვთ, რომ იყო არაერთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც ჰქონდა წუხილი ოპოზიციას, რადგამ ეს იყო მათთვის პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი წავიდნენ სტრასბურგში, ეს ეხებოდა იგივე სააკაშვილის საქმეს, უგულავას საქმეს, ახალაიას საქმეს, „რუსთავი 2“-ის საქმეს და ა.შ. ყველა შემთხვევაში ოპოზიცია დარჩა წაგებული, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი, დასაბუთებული, ვერცერთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს ოპოზიციის წევრებმა, რომელიც დაადასტურებდა არათუ სისტემურ პრობლემებს, არამედ პრობლემებს სასამართლოში“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან პრემიერი იმ ორი მოსამართლიდან ერთ-ერთს, რომელიც უზენაეს სასამართლოს განცხადებას გაემიჯნა, სიზარმაცეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას თავად აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, თუმცა რომელს, ეს კობახიძეს აღარ დაუკონკრეტებია:

“რაც შეეხება უზენაესის ორ მოსამართლეს – ამ ორიდან მინიმუმ ერთს აქვს, მე ვერ ჩავერევი სასამართლოს საქმიანობაში, მაგრამ მე მგონია, რომ ერთს მინიმუმ აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს. თუ იქნებოდა საუბარი კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, საკუთარი კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს და ისინი სხვების კეთილსინდისიერებაზე არ უნდა საუბრობდნენ…

ერთადერთი ორგანო, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კეთილი ინებოს ყველამ, ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მიმარტონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მერე ჩაიხედონ, რამდენად სწორად იკვლევს ამ საკითხს საბჭო” ამბობს პრემიერი.

შეგახსენებთ, ე.წ. ვეტინგს “ოცნების” ხელისუფლება და მასთან დაახლოებული სასამართლო კლანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნა “დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვაა მართლმსაჯულების სისტემაზე” და რომ ეს პროცესი “მოსამართლის დამოუკიდებლობას ლახავს”.

აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა უზენაესის ორმა მოსამართლემ – ნინო ბაქაქურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა. საკუთარი პოზიცია მოსამართლეებმა პლენუმის ოქმშივე დააფიქსირეს.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება – ე.წ ვეტინგი.

ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.

ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.

არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციის ნაწილთან ერთად, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნას ისევ ითხოვს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პროცესში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ექსპერტებს უნდა მიენიჭოთ.

ვეტინგთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აზრები ორად იყოფა – ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმის განხორციელება საჭიროა, რადგან ეს ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილია, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ვეტინგის სისტემა საქართველოში ვერ იმუშავებს.

ვეტინგის სისტემა მიუღებელია უმრავლესობისთვისაც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ოპოზიციის მიზანი კი სასამართლოს მიტაცების მცდელობაა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა ყველა ქვეყანაში დამაბალანსებელ შტოს წარმოადგენს.

“როდესაც ვსაუბრობთ სუვერენულ ქვეყანაზე და ოპოზიცია გვთავაზობს, მოსამართლეები დაგვინიშნონ უცხოურმა ძალებმა, საელჩოების მეშვეობით, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ უნდათ, საქართველო იყოს მათი პატრონების კოლონია და ეს არის გამორიცხული. ამას ქართული საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს არასწორად. მართლმსაჯულების სისტემა ყველა ქვეყანაში დამაბალანსებელ შტოს წარმოადგენს,” – აცხადებს მაჭარაშვილი.
გუშინ, 13 მარტს ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ [ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “სასამართლოს გუშაგი”, “დემოკრატიის მცველები”, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”] გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ხელისუფლება “კლანის” წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button