,,ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას,,-მაკრონის ტუსკის მერცის ერთობლივი განცხადება

„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების: გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი განცხადებით ეხმაურებიან.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთობლივი განცხადება იმის ხაზგასმით იწყება, რომ ისინი ქართველ ხალხს მიმართავენ:
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს მივმართოთ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილით და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა”.
ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერასთან ერთად, სამი ლიდერი გმობს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, რამაც დემოკრატიის უკუსვლა მოიტანა შედეგად:
“მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სურვილს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე”.
მაკრონი, მერცი და ტუსკი ჩამოთვლიან ნაბიჯებს, რომლებიც, მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას:
“გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს უნდა შეიცვალოს და უნდა განახლდეს მეტად საჭირო რეფორმების პროცესი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან”.
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერების განცხადება ასე სრულდება:
“საქართველოს ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები”.
“ვაიმარის სამკუთხედის” ქვეყნების ლიდერებს, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მის შემდეგაც, არაერთხელ გამოუხატავთ შეშფოთება “ქართული ოცნების” ხელისუფლების “ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის” გამო და მოუწოდებიათ მისთვის “მოქმედებათა კურსის შეცვლის”, ევროპულ გზაზე დაბრუნებისა და რეფორმების განახლებისკენ.
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად, გვინდა მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გავუგზავნოთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს მათ მზადყოფნას, იყვნენ ევროპის ოჯახის ნაწილი. შესაბამისად, ვგმობთ ყველა იმ მოქმედებას, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და რაც დემოკრატიის უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და მთავრობის კრიტიკოსებზე განხორციელებულ თავდასხმებში ვლინდება. საჭიროა სიტყვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა. გადამეტებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა იქნას გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, საჭიროებს გადახედვას, ხოლო აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს. საქართველოს ხელისუფლებამ დიალოგი უნდა აღადგინოს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ის შესაძლებლობები, რაც ქვეყნის ევროპულ გზას უკავშირდება”, – წერია ერთობლივ განცხადებაში.
„ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გარსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.