„ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის. აღლუმს იბარებს?-ოცნება

ვისაც ჯერ კიდევ ამ გაფრენილი ქალის სჯერა – ჯერ ქარტია შექმნა და იქ ვიღაცები შევიდნენ, ვიღაცები – არა. შემდეგ თქვა, ქარტიამ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო. ამას ვიღაცები სკეპტიკურად შეხვდნენ. ახლა თურმე 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილის საქმე არ არის აღლუმის მიღება-ჩაბარება.
„ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის. აღლუმს იბარებს? იქ „ხაბე“ არ მივა, მასზე გაბრაზებულია, არ დაეწყობიან. მის ღონისძიებაზე, მაქსიმუმ, „ჩერგომ“ ჩაიშხუილოს და „ბოკუმ“-ბოკუჩავამ. მისი საქმე აღლუმის მიღება-ჩაბარება არ არის და რის ორგანიზებას აკეთებს? კიდევ ერთი გიჟი ჰყავთ, რომელმაც თქვა, სექტემბერში არჩევნებს მობილურებით ჩავატარებთო – დატენეთ, რა. გეუბნებით, ეს იდეა აქვთ. შეიძლება, არჩევნები მობილურებით გაყალბდეს და ფაქსებით ჩაატარონ, რომელსაც შემდეგ ლეგიტიმაციას მივანიჭებთ. ამ ადამიანებზე სერიოზულად როგორ ვილაპარაკოთ, გიჟების დოღია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სალომე ზურაბიშვილი უნდა შეეგუოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის, რომ მისი ფიგურა თავად ოპოზიციისთვის და გარე მფარველებისთვისაც არანაირ ღირებულებას აღარ წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად რადკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის „ჩარეცხვას“ ცდილობს.
„ჯერ ალტერნატიული პარლამენტის იდეა ჰქონდათ, შემდეგ ალტერნატიული მთავრობა ჰყავდათ და არ ვიცი, პრემიერ-მინისტრი დანიშნეს თუ არა. ახლა ალტერნატიულ ღონისძიებებზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილი რაც უფრო მალე დაუბრუნდება რეალობას და რეალურ სამყაროს, მისთვის უკეთესი იქნება. სალომე ზურაბიშვილი უნდა შეეგუოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის. იმასაც უნდა შეეგუოს, რომ მისი ფიგურა თავად ოპოზიციისთვის და გარე მფარველებისთვისაც არანაირ ღირებულებას აღარ წარმოადგენს იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი აღარ არის. მისი მაგიდის გარშემო როდესაც ოპოზიცია შეკრიბეს, ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინ პრეზიდენტი იყო და დღეს აღარ არის. სალომე ზურაბიშვილის თაობაზე რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს თუ მოისმენთ, ნახავთ, რომ ახლა მისი „ჩარეცხვის“ მცდელობაა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ოპოზიციის მცდელობა იქნება, 26 მაისს სახალხო ზეიმი ვიწროპარტიულ ყიჟინად გადააქციონ, მათი მიზანია, დესტრუქციული ნაბიჯების დროს უცხოური ზურგი ჰქონდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სამოქმედო გეგმებზე.
„ერთხელ უკვე ვთქვი, ეს ადამიანი ჭაობში ჩავარდნილს ჰგავს-მეთქი. ახლაც ზუსტად იმავე პროცესს ვხედავთ. ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი შეცდომები გაიაზრონ, ჭაობიდან ამოვიდნენ და დემოკრატიულ პროცესს დაუბრუნდნენ, ახალ-ახალ იდეებს იგონებენ, რათა რაღაცნაირად თავი დაიტოვონ. არაფერს ვამბობ შიდა პოლიტიკაზე, რადგან გასაგებია, რა როლი და ფუნქცია აქვთ. მათი მიზანია, საგარეო მიმართულებით პარტნიორებს დაანახონ, რომ რაღაცას წარმოადგენენ და იმსახურებენ ახალ-ახალ საწვავს, რასაც ვხედავთ ხან ევროპარლამენტისგან, ხან კონგრესისგან და ხან სხვებისგან. ახლა მხოლოდ ამ პროცესს ვაკვირდებით. რა თქმა უნდა, მათი მცდელობა იქნება, სახალხო ზეიმი მაქსიმალურად ჩაშალონ და ვიწროპარტიულ ყიჟინად გადააქციონ, რასაც ადგილი ჰქონდა 9 აპრილს. ოღონდ ამას საგარეო გამაგრება სჭირდება. მათი ერთ-ერთი მიზანია, მსგავსი სახის დესტრუქციული ნაბიჯების დროს უცხოური ზურგი ჰქონდეთ. შესაბამისად, მათ მსგავსი მცდელობა ექნებათ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, კიდევ ახალი კომიტეტი, ახალი პლატფორმა და ახალი ფანჩატური. საზოგადოებას ეს სპექტაკლი უკვე მერამდენედ უნდა ანახონ? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება დაიღალა, ოპოზიციის შეერთება-გაყოფა-გადაჯგუფებებით.
„ეს მათი საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ პატრონებისგან ახალი დირექტივები მიუვიდათ, რადგან დიპლომატიურ კორპუსთან მათი შეხვედრა ყველას კარგად გვახსოვს. ალბათ მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა და დავალება მიიღეს, რაც უნდა განახორციელონ. რა თქმა უნდა. ეს უსამშობლოთა გაერთიანებაც ქმედებაში მოვიდა. ნაკლებად მნიშვნელოვანია, ზურაბიშვილი რა პლატფორმას შექმნის, ვის გააერთიანებს, ვის გაყოფს. დავალება მიუვათ და იმ დირექტივას შეასრულებენ, რაც პატრონებს ექნებათ“, – განაცხადა კირცხალიამ.
გაუგებარია, ვადაგასულ პრეზიდენტს 26 მაისის ღონისძიებებთან რა კავშირი აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 მაისის ღონისძიებები უკვე დაგეგმილია და მას სახელმწიფო ჩაატარებს.
„სალომე ზურაბიშვილის მიზანი რა არის, ვერ გეტყვით. ალბათ იგივე პერფორმანსი იყოს, რაც საზოგადოებამ 9 აპრილს ნახა, ისევ გაყოფილი საზოგადოება. არ ვიცი, ასეთ სცენარს რა შეიძლება მოჰყვეს, გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება იყოს. 26 მაისი ყველაზე ძვირფასი დღეა, საქართველოს დაბადების დღე და ის ყველა მოქალაქემ ერთნაირად უნდა აღნიშნოს. საქართველო თუ ოდესმე ყოფილა დამოუკიდებელი, ეს დღეს არის. სალომე ზურაბიშვილს შევახსენებ, მისი ნომინირების რეკომენდატორები ვინ იყვნენ, როგორ გახდა პრეზიდენტი და როგორ დასჭირდა დიდი ძალისხმევა, რათა პრეზიდენტი გამხდარიყო“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.