ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქეა-თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა
შაბათს, 5 ოქტომბერს, „თბილისობის“ მიმდინარეობისას, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 25 ადამიანს მიანიჭა საპატიო თბილისელის წოდება.
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ:
ვილი სანიოლი – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, რომლის მწვრთნელობის დროსაც გავიდა ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე;
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს კახა კალაძემ დედაქალაქის სიმბოლური გასაღები თბილისობის დღესასწაულზე გამართულ ღონისძიებაზე გადასცა.
„მინდა, საპატიო თბილისელის წოდებაზე წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელმაც სრულიად საქართველოს შეაყვარა თავი. ის არ არის ქართველი, მაგრამ სულით, გულით, სისხლით, ხორცით, გაგებით არის ქართველი. ჩვენ წლების განმავლობაში, როცა წინა ცხოვრებაში სპორტით ვიყავი დაკავებული ხშირად მოგვიწია ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობაც, თამაშიც და ერთმანეთის მიმართ ყოველთვის გვქონდა განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. დღეს ის არის ჩვენი თანაგუნდელი, ჩვენთან ერთად ტიროდა რამდენიმე თვის წინ და ეს ცრემლები იყო სიხარულის, სიამაყის. ამ ცრემლებმა სრულიად საქართველო გააბედნიერა. სიამაყე დაუბრუნა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს“, – განაცხადა კალაძემ სანიოლის წარდგენისას.
საფრანგეთის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მცველმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2021 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებას მიაღწია.
2023 წელს გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, რომლის ფინალშიც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მიიღო.
გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს და მერვედფინალში ითამაშეს.
გივი სიხარულიძე – მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი;
ზურაბ ყიფშიძე – მსახიობი;
ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი;
მერაბ კილაძე – ქირურგი;
გიორგი ჭუმბურიძე – ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი;
დიმიტრი ბეზარაშვილი – ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
გიზო გაბესკირია – რეჟისორი;
გვანჯი მანია – გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი;
ბიძინა სონღულაშვილი – ინჟინერი, მეტროს მუშაკი;
ნათელა ვასაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
გელა ფარჩუკიძე – მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი;
ნელი სალაძე – მწვრთნელი, სპორტსმენი;
მზია აფრიდონიძე – მუსიკოსი, მხატვარი;
გურამ ბათიაშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი;
კახა ქორიძე – არქიტექტორი, მსახიობი;
გოგი მარგველაშვილი – რეჟისორი, პროფესორი;
თამაზ გოდერძიშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი;
ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, მწერალი;
ვახტანგ ცუხიშვილი – არქიტექტორი;
გურამ კალანდაძე – გეოლოგი;
ნელი ბერაია – მხატვარი, ჟურნალისტი;
თენგიზ გაჩეჩილაძე – პედაგოგი, ჟურნალისტი;
თეიმურაზ ლეჟავა – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ოლესია თავაძე – მხატვარი.