მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვინ გახდება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე

ვინ გახდება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე – გახარიას პარტია მთავარი აქტორია

ახალი მოწვევის ზუგდიდის საკრებულოში მანდატების გადანაწილება ასეთია:ენმ-22,ოცნება-20,ხოლო გახარიას პარტიიდან 3 კანდიდატი.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას, დეპუტატების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, რაც 45-წევრიან ზუგდიდის საკრებულოში 23 ხმას ნიშნავს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანაგუნდელების ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

“ჩვენ ბუნებრივია არ ვიქნებით შემაფერხებელი ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. მხარს დავუჭერთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეთანხმდებიან. ის,რომ ჩვენ რომელიმე პარტიას ცალსახად დავუჭერთ მხარს და შევაქმნევინებთ მყარ უმრავლესობას – ეს არის გამორიცხული“, – აცხადებს გიგა ფარულავა გახარიას პარტიის დეპუტატი,პოლიტსაბჭოს წევრი.

“ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი თეიმურაზ ბასილაია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარის არჩევისას გახარიას პარტია თავს შეიკავებს და მხარს არც ერთ პარტიას არ დაუჭერს, თანამშრომლობა მმართველ პარტიასთან მოუწევთ. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ მათი „კოჰაბიტაცია“ უცხო არ არის და ამისი მაგალითი 2012 წლიდან არსებობს.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი ირაკლი გოგოხია მიიჩნევს, რომ თანამშრომლობა ყველა პარტიასთან მოუწევთ და ეცდებიან, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მათი კანდიდატი გახდეს.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს.

ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ასეთ კონფიგურაციაში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან.

მისი სიტყბებით, არჩევნებზე “უპრეცედენტო ზეწოლის, დაშინების და მოსყიდვის მიუხედავად”, “საქართველოსთვის” წარმოდგენილია როგორც თბილისის, ასევე ყველა რეგიონის საკრებულოებში,ზოგიერთ შემთხვევაში კი პარტიას გააჩნია ე.წ. გადამწყვეტი ხმა.

ცნობისთვის ზუგდიდის ახლადარჩეულ საკრებულოში 22 მანდატით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 20-ით “ქართული ოცნება”, ხოლო 3-ით “საქართველოსთვის” შევიდა.

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულო, სავარაუდოდ 11 დეკემბერს შეიკრიბება.

მსგავსი პოსტები

Back to top button