„ვინ მოკლა ნავალნი თუ არა პუტინმა?”-რუსეთის მოქალაქეებმა თბილისსა და ბათუმში აქცია გამართეს

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის კოლონიაში გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან შეიკრიბნენ. მათ აქვთ ტრანსპარანტები: „პუტინი არის მკვლელი”, „ვინ მოკლა ნავალნი თუ არა პუტინმა?”, „პუტინმა მოკლე ჩვენი პრეზიდენტი”.
“ნავალნი – პუტინის მორიგი მსხვერპლი” – შეკრებილები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავარი ოპონენტი – ალექსეი ნავალნი მოიშორა. მათი თქმით, ნავალნი პუტინის მიერაა მოკლული.
“დღეს მე გავაცნობიერე, რომ პუტინმა მასწავლა ზიზღი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც იმავეს გრძნობთ. მჯერა, რომ ეს ზიზღი უნდა ვაქციოთ ძალად, რომელიც ამ ნაძირლებს წალეკავს. ჩვენ აუცილებლად შურს ვიძიებთ ნავალნისთვის, ნემცოვისთვის, პოლიტკოვსკაიასთვის, კრემლის ბარბაროსების მიერ მოკლული ათასობით ადამიანისთვის”, – ამბობს რუსეთის მოქალაქე.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.
უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს. ნავალნის სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ უკვე დაასახელა თრომბი.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.
სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.
ბათუმში, ანბანის კოშკთან რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მდუმარე აქციით სოლიდარობას უცხადებენ ალექსეი ნავალნის ოჯახს. მათი განცხადებით, ისინი პატივს მიაგებენ საპყრობილეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნას.
აქციის მონაწილეებმა ანბანის კოშკთან ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და ტრანსპარანტები გამოფინეს წარწერით: „არ დაგვავიწყდება”, არ გაპატიებთ”.
მათი თქმით, რუსეთში თავისუფალ სიტყვას დევნიან და კლავენ.
3 კოლონიაში, რომელსაც “პოლარულ მგელსაც” უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
ნავალნი 47 წლის იყო.