მნიშვნელოვანისიახლეები

,,ვინაიდან სტიკერის გაკვრა არ წარმოადგენს დანაშაულს, ამაღლობელის დაკავება სხვა, 173-ე მუხლით გააფორმეს, რომლის ჩადენაც არ დასტურდება-საია

“ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობს – როგორც უფლებადამცველების დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ჟურნალისტს დაკავების შემდეგ, 1 კვირაა საკვები არ მიუღია.

გარდა ამისა, “საიას” ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დღეს დილით აცნობეს, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ნონა ქურდოვანიძის თქმით, კაციტაძის უწყების მხრიდან რეაგირება დაგვიანებულია, თუმცა მზად არიან ითანამშრომლონ და ყველა საჭირო მასალა გადასცენ გამომძიებლებს.

რაც შეეხება თავად ამაღლობელის საქმეს. საიას შეფასებით, იკვეთება მთელი რიგი დარღვევები, მათ შორის ადმინისტრაციული დაკავების დროსაც. ქურდოვანიძის განცხადებით, ვინაიდან სტიკერის გაკვრა არ წარმოადგენს დანაშაულს, ამაღლობელის დაკავება სხვა, 173-ე მუხლით გააფორმეს, რომლის ჩადენაც არ დასტურდება.

ქურდოვანიძემ ისაუბრა ჟურნალისტის მიმართ არასათანადო მოპყრობაზეც და კიდევ ერთხელ აღნიშნა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ძალადობრივი ქმედებების შესახებ.

როგორც ცნობილია, დგებუაძემ დაკავების შემდეგ, რამდენჯერმე სცადა ჟურნალისტს ფიზიკურად გასწორებოდა და სახეში შეაფურთხა, არ აძლევდა მას წყლისა და სხვა პირველადი საჭიროებების მიღების საშუალებას.

საიას შეფასებით, სახეზეა დამამცირებელი მოპყრობა და ირაკლი დგებუაძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

საია აცხდებს, რომ პროკურატურამ მზია ამაღლობელის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვიტოს!

დარღვევები მზია ამაღლობელის საქმეში

ადმინისტრაციული წესით თვითნებური დაკავება

2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში შეკრებილი აქტივისტები ატარებდნენ საპროტესტო აქციას და აკრავდნენ სტიკერებს წარწერით – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეების თვითნებური დაკავება. როდესაც მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ მისი კოლეგა, ციალა ქათამაძე დააკავეს, თავადაც მივიდა აქციის მიმდინარეობის ადგილას და ერთ-ერთ პირს გამოართვა სტიკერი, რომელიც გაშალა კედელზე. სწორედ ამ დროს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავებიდან დაახლოებით ერთ საათში ხელწერილის საფუძველზე მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია პირი დააკავოს. საპროტესტო სტიკერის გაკვრა, რომლის მოცილება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან ან რესურსებთან, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება. უწყებას იმისათვის, რომ გაემართლებინა თვითნებური დაკავება, დაკავების ოქმი პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, თუმცა, ამ დრომდე არ არის შედგენილი უშუალოდ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არც სასამართლოს დაუდასტურებია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ეს გარემოება პროკურატურამ და ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიყენეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში.

მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა

ხელწერილით გათავისუფლების შემდგომ, მზია ამაღლობელმა დატოვა პოლიციის განყოფილების შენობა და ეზოში აღმოჩნდა პოლიციელების კორდონის მხარეს, აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოს გარეთ განაგრძობდნენ პროტესტს. მზია ამაღლობელმა შენიშნა, რომ მისი კოლეგა იმყოფებოდა პოლიციის გარემოცვაში და სურდა მასთან მიახლოება. ჩოჩქოლში ის წაიქცა და რამდენჯერმე მას ფეხი დააბიჯეს სხეულზე. წამოყენების შემდგომ, მან შეძლო კოლეგასთან მისვლა და როგორც გაარკვია, მისი დაკავების პერიოდში პოლიცია კვლავ განაგრძობდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს, მათ შორის, თვითნებურ დაკავებას. მას შემდგომ, რაც მისი გაშლილი ხელი სახეზე მოხვდა ირაკლი დგებუაძეს, მზია ამაღლობელი დააკავეს სისხლის სამართლის წესით. სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეს სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე

არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ევალება. 12 იანვარს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეცნობა მომხდარის შესახებ, რაც საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყების ნაცვლად, ე.წ. ,,მოკვლევის“ პროცესი დაიწყო, რომელიც არ წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას. მოკვლევის ფარგლებში, 15 იანვარს, მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ. სამსახურმა მხოლოდ საიას მიერ ოფიციალური განცხადების შეტანის შემდეგ, დღეს, 20 იანვარს სატელეფონო საუბრისას დაადასტურა გამოძიების დაწყება. ამ დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი.

სისხლის სამართლის უკანონო ბრალდება

პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის 1-ლი ნაწილით. ამ მუხლით ისჯება პოლიციელზე ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა, რაც დაკავშირებული უნდა იყოს სამსახურებრივ საქმიანობასთან. იმისათვის, რომ ქმედება ამ მუხლად დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს ამ მუხლისათვის დამახასიათებელი საკვანძო გარემოებები:

თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი;
თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით;
თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან.
მზია ამაღლობელის ქმედება – გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს. თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353 მუხლის კვალიფიკაციას. როგორც ის აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი. მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება. ამასთან, მზია ამაღლობელის ქმედებას, არ შეეძლო ფიზიკური ტკივილის გამოწვევაც კი, რაც გამორიცხავს სისხლის სამართლის ბრალდებას არამარტო ამ მუხლით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, უფრო მსუბუქი მუხლებითაც. ამდენად, მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი ბრალდება ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს.

პატიმრობის გამოყენება უკანონოდ

2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პირველი წარდგენის სხდომა. პროკურორი დაუსაბუთებლად მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის – პატიმრობის გამოყენებას. პროკურორის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ბრალდების მხარის აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ პოზიციას ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის არსებობის შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობაში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი რეალური არგუმენტი თუ გარემოება, რომელიც აღნიშნული რისკების არსებობას დაადასტურებდა. ერთი მხრივ, პროკურორმა და მეორეს მხრივ, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს აღკვეთი ღონისძიების ალტერნატიულ სახეს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის ალტერნატივად უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. სასამართლომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ადმინისტრაციული დაკავებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე, რომ ჯერ არც დაკავების კანონიერების საკითხია დადგენილი და არც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამით, მოსამართლემ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოავლინა აშკარა მიკერძოება პროკურატურის სასარგებლოდ.

საჩივრის გაგზავნის დაყოვნება სააპელაციო სასამართლოში

მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შეცვლის შესახებ ადვოკატებმა საჩივარი 2025 წლის 15 იანვარს, 17:45 წუთზე წარადგინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარს განიხილავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, თუმცა, მატერიალური სახით მისი ჩაბარება ხდება პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინების გამომტან სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო საჩივრის მიღებიდან დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მისი გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, კანონმდებლობის ეს უპირობო მოთხოვნა არ შესრულდა. სასამართლომ საჩივრის გაგზავნა შეაფერხა 4 დღით. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ საქმის მასალები დღეს, 12 საათისთვის მიიღო და ახლა იწყებს საჩივრის განხილვას.

მოსამართლის კვალიფიკაციის საკითხი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა ჩაატარა და მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვს სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2022 წელს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის საქმიანობას შეუდგა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ამავე საიტზე არ იძებნება ინფორმაცია, როდის მოხდა მისთვის კოლეგიის შეცვლა და როდიდან იხილავს სისხლის სამართლის საქმეებს. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას შეეცვალა კოლეგია, ეს ადასტურებს იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მოსამართლეებისათვის კოლეგიების განსაზღვრა ხდება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული რა მიმართულებით აქვთ მათ ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. ეს პრაქტიკა შესაძლოა შეფასდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევადაც.

არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოვითხოვთ:

პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე;
მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან;
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები და დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა;
ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება.

მსგავსი პოსტები

Back to top button