მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ვინც კაცად გაქცია, პირველივე შესაძლებლობაზე უღალატე”

ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის წევრი ლევან იოსელიანი “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ალეკო ელისაშვილი თბილისის მაჟორიტარული ოლქებიდან ორ ადგილს ითხოვდა, უარის შემდეგ კი, ოპოზიციური შეთანხმებიდან გავიდა.

“მინდა გამოვეხმაურო ბოკერიას გუშინდელ განცხადებას, სადაც მე კაცის კაცი, ალეკო ელისაშვილს კი უსინდისო უწოდა. 30 წელზე მეტია ალეკოს მეგობარი ვარ, ანუ მისი “კაცი” ვარ. და ასეთად დარჩენას ვაპირებ მთელი ცხოვრება, განსხვავებით შენგან, ვინც მართლა კაცად გაქცია და ვისაც პირველივე შესაძლებლობაზე უღალატე. ისე, კაცის კაცობა არაკაცობას ნამდვილად ჯობია.” – წერს ლევან იოსელიანი.

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, ალეკო ელისაშვილმა მოითხოვა, საბურთალოზე თავად ყოფილიყო ოპოზიციის საერთო კანდიდატი, მთაწმინდაზე კი, – მისი თანაგუნდელი ლევან იოსელიანი.

“იოსელიანს არავინ არ იცნობს. ახლა უფრო გაიცნობენ. კაცის კაცის დაყენებას ითხოვდა, უკაცრავად, პოლიტიკურად ვიძახი, არა – ადამიანურად. 6% აიღო იმ იოსელიანმა იმ არჩევნებში, სადაც შავგულიძემ აიღო 40% თითქმის: 36% პირველ ტურში, მეორეში, – უფრო მეტი”. – თქვა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა.

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და “ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად, პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ახლა კი, ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამივემ თბილისში იყაროს კენჭი.

ამ დროისათვის, ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატების დაყენებაზე თბილისის 8-დან 6 ოლქში არიან შეთანხმებული. პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

საერთო კანდიდატების სია ასე გამოიყურება:

ვაკე – ელენე ხოშტარია (“ევროპული საქართველო”).
გლდანი – ნიკა მელია (ენმ).
ისანი – გიორგი ვაშაძე (“ახალი საქართველო”).
სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ენმ).
მთაწმინდა და კრწანისი – შალვა შავგულიძე (“თავისუფალი დემოკრატები”).
ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (“ლეიბორისტული პარტია”).

მსგავსი პოსტები

Back to top button