მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვინც კავშირის წევრი არ არის ჩვენ უნდა ვიყოთ მათ გვერდით-ფონ დერ ლაიენი

14 სექტემბერს სტრასბურგში, ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ გაკვეთილი, რომელიც უკრაინის ომიდან შეიძლება გამოიტანონ, არის ის, რომ უნდა მოესმინათ მათთვის, ვინც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს იცნობს.

“ერთი გაკვეთილი ამ ომიდან არის ის, რომ ჩვენ უნდა მოგვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს, ანა პოლიტკოვსკაიასთვის და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს და ძვირად დაუჯდათ, ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და ბელარუსის ოპოზიციისთვის. ჩვენ უნდა მოგვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით – პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდებოდა“, – განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი სიტყვებით, ევროკავშირი უნდა ესწრაფოდეს დემოკრატიის გავრცელებას და ამის საუკეთესო გზა კონტინენტზე კავშირების გაღრმავებაა. ეს კი იწყება მათით, ვინც არ არის ევროკავშირის წევრი და ევროკავშირი უნდა იყოს მათთან ერთად ყოველდღიურად.

„ეს არის წყალგამყოფი მომენტი გლობალური პოლიტიკისთვის. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის გადააზრება. ეს არის დრო ჩვენი დემოკრატიების ინვესტირებისთვის. ეს ეხება თანამოაზრე პარტნიორებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს მსგავსი თვალებით, ვიზიარებთ მსგავს ღირებულებებს და უნდა მოვახდინოთ კოლექტიური ძალის მობილიზება. ჩვენ უნდა ვესწრაფვოთ დემოკრატიის გავრცელებას. ამის გასაკეთებლად ყველაზე კარგი გზა არის ჩვენი კავშირების გაღრმავება და ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიების გაძლიერება. ეს იწყება მათით, ვინც კავშირის წევრი არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ მათ გვერდით ყოველდღიურად, ყველა ნაბიჯზე. მე ასევე მსურს, ხალხმა იცოდეს დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, თქვენ ხართ ჩვენი კავშირის მომავალი და ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენს გარეშე. ეს უნდა იყოს გზავნილი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიევმა ევროკავშირის წევრობაზე 28 თებერვალს შეიტანა განაცხადი. საქართველომ და მოლდოვამ კი – 3 მარტს.

23 ივნისს საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო ევროპული პერსპექტივა, ანუ დათქმა და იმის აღიარება, რომ მისი ადგილი ევროპულ ოჯახშია. თუმცა უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღია კანდიდატის სტატუსი.

ამისთვის საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ანუ: დაძლიოს პოლარიზაცია, ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა და გაათავისუფლოს ის პოლიტიკური ზეგავლენისგან, დაიცვას უმცირესობების უფლებები, ებრძოლოს კორუფციას და ასე შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button