ვირტუოზი გიტარისტის სტივ მორისონის იმპროვიზირებული შოუ ლაგოდეხში

შაბათს, 29 ივლისს, 20:30-ზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, “ბლუზვილიჯის” სცენა უცხოელ შემსრულებელს – ვირტუოზ გიტარისტ სტივ მორისონს დაეთმობა.
მას აკომპანირებას ქართველი მუსიკოსები: დრამერი – კახა კვირიკაშვილი და ჰარპი – კოკა მამალაძე გაუწევენ – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ბლუზფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს.
სტივ მორისონს ექვსი ალბომი აქვს და ყველა მათგანი სარეკორდო მაჩვენებლით იყიდება. რეპერტუარშია მახვილგონივრული კომენტარებით, გიტარის სიმების უბადლო აჟღერებითა და მგრძნობიარე ხმით შესრულებული ორიგინალური სიმღერები. გიტარაზე დაკვრის უჩვეულო მანერით სტივმა დაიპყრო მთელი ევროპის ფესტივალები, ხოლო გასულ წელს, როგორც „გიტარის ვარსკლავების“ ფინალისტმა, სატელევიზიო სივრცეც. მუსიკის სამყაროს ისეთი კორიფეები, როგორიცაა ჯორჯ ბენსონი, მილოშ კარადაგლიჩი, ტონი ვისკონტი უმაღლეს შეფასება მისცეს სტივის საშემსრულებლო ტექნიკას და შემოქმედებით ტალანტს.
ბენსონმა შესთავაზა ამერიკაში გადასვლა და კონცერტების მოწყობას დაპირდა. აღფრთოვანებულმა ტონი ვისკონტიმ სცენის ვარსკლავად მონათლა. როცა უყურებ შესრულებისას როგორ ჰარმონიულად ერწყმის გიტარა თავად შემსრულებელს, ხვდები რომ ის მართლაც გიტარის ვირტუოზია. უნიკალური სტილი ბასის სიმებზე აკორდების შეყოვნებითა და სასიმღერო მელოდიის უწყვეტი ჟღერადობით გამოირჩევა.
მუსიკალურ სამყაროში სტივს უწოდებენ ბენდს ერთ ადამიანში. ჯონ ლი ჰუკერის ენერგიული რითმებისა და რაი ქუდერის ტკბილხმოვანების შეხამებით სტივ მორისონმა მიიღო ბლუზის უნიკალური, ძლიერი ხმა. თბილი ბრიტანული აქცენტით ნამღერი მისი მელოდიები ბუნებრივად ქმნის საცეკვაო ხალისიან განწყობას.
ბლუზფესტი-2017, რომელიც 17 ივნისს ჩიკაგოელი ბლუზ-დივას შერონ ლუისის კონცერტით გაიხსნა და 12 აგვისტოს სრულდება, კულმინაციის ფაზას უახლოვდება. საქართველოში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალი მიზნად ისახავს ერთი მხრივ, ბლუზის განვითარების ხელშეწყობას, მეორე მხრივ, კახეთის რეგიონში, კერძოდ, ლაგოდეხში, ტურისტული პოტენციალის გაზრდას.