ვის დარჩება მაესტრო – ეთერიდან ლოგო გაქრა

სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს “სტუდია მაესტროს”, რომლის დირექტორად საჯარო რეესტრმა ცოტა ხნის წინ ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა, ლოგოსა და ბრენდის გამოყენების უფლება შეეზღუდა – ამის შესახებ, კიდევ ერთი შპს-ს ამჯერად “ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ მაესტროს პირდაპირ ეთერში  განაცხადა.

“თქვენ უკვე აღარ გაქვთ ამ ბრენდის ქვეშ მაუწყებლობის უფლება და გირჩევთ რომ მოხსნათ. რას იზამს შპს “სტუდია მაესტრო” ეს უკვე ახალი დირექტორის გადასაწყვეტია. შპს “ტელეკომპანია მაესტრო” კი იგივე ბრენდის ქვეშ გააგრძელებს მაუწყებლობას” – განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ მაესტროს ღია ეთერში.

განცხადების გაკეთების შემდგომ ტელვიზიის პირდაპირი ეთერიდან ლოგო გაქრა.

ტელეკომპანიის დირექტორმა პარალელურად აქცია დააანონსა.

პარასკევს, 18 მარტს, 15 საათზე “პირაკრული მაესტროელები” სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

“როდესაც ერთი მედიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, ეს ნიშნავს რომ ბრძოლა მიდის მთელი მედიის წინააღმდეგ” – განაცხადა მაესტროს დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა, რომელიც აცხადებს რომ მაესტროსთვის ისტორია მეორდება.

“როგორც სააკაშვილისთვის დამთავრდა ეს ისტორია, რომელიც კრძალავდა მაესტროს, ისე დამთავრდება ამათთვისაც” – განაცხადა მამუკა ღლონტმა.

თავის მხრივ ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის შეფუთვა, ტექნიკა და რესურსები შპს “სტუდია მაესტროს”ეკუთვნის და თუ აღნიშნულ ინვენტარს ბაჩო კიკაბიძის ტელევიზია გამოიყენებს, იგი ამ ქმედებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამ დროისთვის, ტელევიზიის ცნობით, შპს “სტუდია მაესტროს” ნაწილმა,155-მა თანამშრომელმა განცხადება დაწერა გათავისუფლების შესახებ, მისი ახალი დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის სახელზე.

ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულმა თანამშრომლებმა ბაჩო კიკაბიძის შპს “ტელეკომპანია მაესტროსგან” სამსახურზე შეთავაზება უკვე მიიღეს.

ბაჩო კიკაბიძე და ბაია გადაბაძე დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, მათ ცოტა ხნის წინ დაასრულეს შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button